აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

წარმომადგენლობა ზესტაფონში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები ლელა სახელაშვილი და თინათინ ზუხბაია ზესტაფონში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტებში (ქალაქის პოლიკლინიკა, უზნაძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფო, მაღლაკელიძის #5,  მაღლაკელიძის #11)  მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

წარმომადგენლობის მიერ დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ  მთავრობის, აფხაზეთის  ა/რ ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უშუალოდ წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებით გათვალისწინებული სოციალური, მცირე სარემონტო  და სხვა პროგრამების შესახებ.  შეხვედრაზე უზნაძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა  დაზიანებული ჟოლობების პრობლემა წამოჭრეს, რაზეც წარმომადგენლობის თანამშრომლებისაგან განემარტათ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებით უნდა მიმართონ "აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების კომისიას."

წარმომადგენლობის თანამშრომლებმა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თხოვნით ობიექტებზე, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრეს საინფორმაციო ფურცლები, სადაც  მითითებულია  აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს  საკონტაქტო ინფორმაცია (ოფიციალური  ფეისბუქ გვერდი და ცხელი ხაზი) და ასევე დევნილი მოსახლეობის კანონიერი უფლებების დაცვისა და მზაობა მათ წინაშე წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტის საქმეში  დახმარების გასაწევად.

შეხვედრაზე, ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის სხვა პრობლემების შესახებაც  და  დაისახა გზები მათი მოგვარებისათვის.

წარმომადგენლობის თანამშრომლები, ასევე, შეხვდნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის თანამშრომლებს და გაცვალეს ინფორმაციები ზემოაღნიშნული პროგრამების შესახებ.