აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 13 მარტიდან დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადის

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების  შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 13 მარტიდან გადადის დისტანციური შრომის რეჟიმზე. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაქვემდებარებაში შემავალ ყველა სამინისტროსა და სტრუქტურულ ერთეულზე.

საქართველოს მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყველა შესაძლო საშუალებით ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას პრევენციული ზომების გასატარებლად როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ინფორმირებისთვის  და, საჭიროების შემთხვევაში, მათი დიაგნოსტირების და   მკურნალობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. მოქალაქეებს ცხელ ხაზთან დაკავშირება შეეძლებათ ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ან ქალაქის ტელეფონიდან  ნომერზე 143 ან 2371998 (საზღვარგარეთიდან +995 32 2371998), სადაც  ნებისმიერ საკითხზე ყველა საჭირო ინფორმაციას  მიიღებენ.  აფხაზეთიდან დევნილები დისტანციურად შეძლებენ გააგზავნონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ნებისმიერი განცხადება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@abkhazia.gov.ge.

ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 551 08 09 84, ბენეფიციარების განცხადებების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: contactus@mhsa.gov.ge.