„იყო... ცხოვრობდა... წერდა.... უყვარდა...“ და რამდენი რამ დაიტია ამ ოთხმა სიტყვამ...

„იყო... ცხოვრობდა... წერდა... უყვარდა...“

ეს პოეტ გენო კალანდიას საფლავის ეპიტაფიაა, რომელიც მასვე ეკუთვნის: „...იყავ ერთგული ჩემთა უფალთა, და ამოკვეთე საფლავის ქვაზე: იყო... ცხოვრობდა... წერდა... უყვარდა...“ ასე მოკრძალებულად და ამავე დროს მრავლისმთქმელად შეაფასა პოეტმა მის მიერ განვლილი გზა.

„იყო... ცხოვრობდა... წერდა.... უყვარდა...“ და რამდენი რამ დაიტია ამ ოთხმა სიტყვამ...

გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ღირსების ორდენის კავალერი... ამ და კიდევ უამრავ სხვა ტიტულსა და წოდებას შორის კი იდგა ქარიზმატული და განსაკუთრებული ხიბლის პიროვნება, რომელსაც ერთდროულად დაჰყვებოდა საქართველოს ორი ძირძველი კუთხის - აფხაზეთისა და სამეგრელოს სურნელი.
გენო კალანდია დაიბადა 1939 წლის 15 აპრილს. ჟურნალისტური განათლება მიიღო მოსკოვში, სწავლის პერიოდში მჭიდროდ იყო დაახლოებული სმოგის „რუსეთის ახალგაზრდა გენიოსები“ წევრებთან, რუსული პოეზიისა და მხატვრობის მეამბოხეებთან...

გენო კალანდიას ლექსების პირველი კრებული „ცა და ფოთლები“ გამოვიდა 1966 წელს ქ. სოხუმში. იგი 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია, მათ შორისაა: „ფესვები", „მიწის ჭრილობა", მწუხრის არაბესკები", „მესამე თვალი", „ასი სონეტი", „რეკვიემი", „ისევ რეკვიემი", „ორტომეული" და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებადაა გამოცემული რამდენიმე ენაზე.

იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიოში, გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის“ რედაქციაში, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრში, იყო აფხაზეთის თეატრალური საზოგადოებისა და დემოგრაფიული საზოგადოების პირველი თავმჯდომარე, ალმანახ „ეგრისის" რედაქტორი, ჟურნალ „რიწის" პასუხისმგებელი მდივანი, აფხაზეთის მწერალთა კავშირის მდივანი, საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. მისი ძალისხმევით შეიქმნა ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია, რომლის კომიტეტსაც წლების განმავლობაში თავადვე ხელმძღვანელობდა. აფხაზეთში „ომი რომ დაიწყო, ბევრი ვიფიქრე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო შუამავალი ჩვენსა და აფხაზებს შორის? ჩემი აზრით, საუკეთესო იქნებოდა გიორგი შარვაშიძე, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მემკვიდრე, დიდი აფხაზი, ბრწყინვალე პოეტი, პუბლიცისტი და უფრო უკეთესი დრამატურგი“,- აღნიშნა მოგვიანებით გენო კალანდიამ, რომელიც აფხაზი ინტელიგენციის, აფხაზი მწერლების მეგობრად დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. ის ამბობდა, რომ მართალია, მათთან ურთიერთობას ისე აქტიურად ვერ აგრძელებდა, თუმცა მოკითხვებს საერთო ნაცნობების საშუალებით ერთმანეთს მაინც უთვლიდნენ.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოვიდა გენო კალანდიას ორტომეული „საგალობლები უფლისათვის“, რომელიც სრულიად ახალ მწვერვალს, „სიმაღლით წარმოჩენილ ახალ სიმაღლეს“ წარმოადგენს მის შემოქმედებაში. „საგალობლებს უფლისათვის“ გენო კალანდიას მეორედ დაბადებას უწოდებენ ხშირად. ეს იყო დიდი სულიერი გარდატეხის დასტური პოეტის ცხოვრების მიმწუხრის ჟამს, მან თითქოს უფალთან გარდასვლის მოახლოება იგრძნო და მთელი გულისყური მისკენ მიაპყრო, თითქმის ყოველდღე აღსარებას აბარებდა უფალს.

უფრო მეტიც, „საგალობლები უფლისათვის“ გენო კალანდიასთვის თითქოს იმქვეყნად გადასვლის ერთგვარი შემზადება აღმოჩნდა, რაც მან არაერთი წინასწარმეტყველური სტრიქონით გამოხატა, მათ შორის: „ვემშვიდობები უფალო ლოცვით მიწას, რომელმაც მაქცია კაცად“.

და ეს მიწა აუცილებლად მსუბუქი იქნებოდა მისთვის...