აფხაზეთის საჯარო სკოლები დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად მონაწილეობენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო თავის საქმიანობას, დისტანციური მუშაობის რეჟიმში, მის კომპეტენციაში შემავალი ყველა მიმართულებით აგრძელებს. სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს დისტანციური სწავლების უზრუნველყოფა აფხაზეთის საჯარო სკოლებში, რაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ეფუძნება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის როლანდ ნიჟარაძის განცხადებით: „დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ აფხაზეთის საჯარო სკოლები, რომელთაც გადაეგზავნათ დისტანციური სწავლა-სწავლების პირველადი რეკომენდაციები. სკოლებში ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები: კლასების მიხედვით შეიქმნა დახურული ონლაინ ჯგუფები, მესენჯერ-ჩათები, გათვალისწინებულ იქნა ყველა მოსწავლის შესაძლებლობები, დაინიშნა სატელეფონო კონცულტაციები. სკოლებს მიეწოდათ გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები. (გამომცემლობებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებზე უფასო წვდომა შესთავაზეს).

გარდა ამისა, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები აქტიური მსმენელები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს პირველ არხთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტისა „ტელესკოლა“. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შესაძლებლობა აქვთ ნახონ კვალიფიციური პედაგოგების მიერ ჩატარებული საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში“.

ამასთანავე აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლაში ჩატარდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები.