აკადემიკოს ილია ვეკუას გზა შეშელეთიდან მთაწმინდამდე

1907 წლის 23 აპრილს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მათემატიკოსი, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი ილია ვეკუა აფხაზეთში, სამურზაყანოს ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ შეშელეთში დაიბადა. რთული და წინააღმდეგობრივი, ამავე დროს ძალიან წარმატებული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა დიდი მეცნიერის მიერ შეშელეთიდან მთაწმინდამდე განვლილი გზა...

ილია ვეკუა თავის დროზე მსოფლიოში აღიარებული ქართული მათემატიკური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახდა. მან დიდი წვლილი შეიტანა მათემატიკისა და მექანიკის მეცნიერებათა განვითარებაში, შეძლო პერსპექტიული მიმართულებების აღმოჩენა და ახალი სამეცნიერო სკოლის შექმნა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოჩენილმა მეცნიერმა დაწერა „მიმართვა ახალგაზრდობისადმი“, სადაც ნათქვამია, რომ წარმატების უზრუნველსაყოფად მთავარია „სამი რამ - ნიჭი, მუშაობის უნარი და შერჩეული დარგისადმი სიყვარული“.

მოგვიანებით, სწორედ ეს შეგონება დაედო საფუძვლად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად, დაწესებულ ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მიმართულების მაგისტრატურის წარჩინებული სტუდენტებისათვის.

ამ დღეს განსაკუთრებული სიამაყით ხვდებიან ასევე აფხაზეთის ილია ვეკუას სახელობის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები.