აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთის საჯარო სკოლებმა, 23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, დისტანციურ ფორმატში, აფხაზეთის დღე აღნიშნეს.
როგორც სხვა სკოლებში, ასევე აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლაში ზოგადი თემა ისევ და ისევ აფხაზეთი იყო, სათაურებად კი - „ყველას გვაქვს ჩვენი აფხაზეთი!“ და „ჩვენ დავბრუნდებით!“ - შეირჩა.
აფხაზეთის დღის აღნიშვნაში აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ შინაარსიანი და საინტერესო ნაშრომები წარმოადგინეს. მრავალფეროვანი იყო გამოხატვის ფორმაც: მოსწავლეებმა პრეზენტაციის, ჩანახატის, ფოტოს, ინტერვიუს საშუალებით ერთმანეთს და პედაგოგებს თავიანთ წარმოსახვაში არსებული აფხაზეთი გააცნეს.