23 მაისი „აფხაზეთის დღეა“

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე „აფხაზეთის დღედ“ დადგინდა.

2014 წლიდან „აფხაზეთობა“ ტრადიციულად ყოველწლიურად სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნებოდა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედებითი კოლექტივები და დევნილი საზოგადოება იღებდა მონაწილეობას.

წელს კორონავირუსის პანდემიის გამო „აფხაზეთობა“ შეცვლილი ფორმატით ჩატარდა.

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და „აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ პარაკლისი აღავლინა. პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

„აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში, ქალაქის ცენტრალურ ადგილებში განთავსებულ მონიტორებზე, ოთხი დღის განმავლობაში, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართება. ვიდეორგოლში გადმოცემულია თითოეული ადამიანის გულში დაგროვილი, მონატრება, სიყვარული და ფიქრები აფხაზეთზე. კლიპის რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი, ხოლო მუსიკის ავტორი დავით ევგენიძე.