„დინამო“ სოხუმის ახლადშექმნილი ქალთა საფეხბურთო გუნდი უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს
საფეხბურთო გუნდ „დინამო“ სოხუმთან შეიქმნა ქალთა საფეხბურთო გუნდი, რომელიც უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ქალთა ფეხბურთის ფედერაციამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ.
„დინამო“ სოხუმის ქალთა გუნდი გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტდა.მის შემადგენლობაში ითამაშებენ: ნეგარ საიდი, თამარ ახობაძე, მარიამ როსტიაშვილი, ნატო კევლიშვილი, ნინო ჩანგელია, მარიამ კაკალაშვილი, ანა კულდონაშვილი, ლანა ქარდავა, მარიამ ბექიშვილი, ელენე ელოშვილი, მედეა მუმლაძე და სხვ. გუნდის მთავარი მწვრთნელია დავით თაქთაქიშვილი.
სექტემბერში დიღმის მასივში მდებარე ოლიმპიური მომზადების ცენტრის სტადიონზე გაიხსნება, „დინამო” სოხუმის აკადემია, სადაც გოგონებისა და ვაჟების გუნდები ივარჯიშებენ. ეს იქნება ამიერკავკასიაში პირველი გოგონათა აკადემია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, „დინამო“ სოხუმის ქალთა საფეხბურთო გუნდს ევროპის მასშტაბით წარმატებულ ასპარეზობებს უსურვებს და სხვებთან ერთად იმედოვნებს, რომ ის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მესიჯს - ,,აფხაზეთი საქართველოა!" - მის ფარგლებს გარეთ გაიტანს.