პროექტს „ევროპული არდადეგები“ იმერეთის რეგიონმა უმასპინძლა

პროექტს „ევროპული არდადეგები“ იმერეთის რეგიონმა უმასპინძლა. პროექტში მონაწილეობდნენ წყალტუბოსა და ქუთაისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, რომელთა ორგანიზებული დასწრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ უზრუნველყო. სათაფლიაში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ერთდღიანი სემინარი ჩატარდა. სემინარის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. გაიმართა შემეცნებით-გასართობი ვიქტორინა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რომლის გამარჯვებულებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე მონაწილეობდნენ.

საგანმანათლებლო პროექტში 300-მდე დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობს, რომლებიც საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციას მიიღებენ.