აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო

2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლის თავზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე რუსლან აბაშიძემ, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირი სამხედროების ხსოვნას.

“2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა, რომლის შედეგად  ასობით მშვიდობიანი საქართველოს მოქალაქე და გმირი ჯარისკაცი დაიღუპა, ათეულობით ათასი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ინტერვენციის შედეგად ოკუპირებულ იქნა საქართველოს ტერიტორიის 20%.

რუსეთის ფედერაციის მიერ დღემდე გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში შელახვა და  უკანონო ბორდერიზაცია.

საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეეგუება ქვეყნის ოკუპაციას და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ქვეყნის დემოკრატიზაციის, ეკონომიკის განვითარების და თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკის გზით შეძლებს ქვეყნის დეოკუპაციას და ხელოვნურად დაშორიშორებული საზოგადოებების, ერთიან  სახელმწიფოში თანაცხოვრების უზრუნველყოფას” - აღნიშნა დავით ფაცაციამ.