წინანდალში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ღონისძიება „ხელოვნება მშვიდობისათვის“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით წინანდალში ღონისძიება „ხელოვნება მშვიდობისათვის“ გაიმართა,  სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზი ხელოვანის სპექტაკლის ონლაინ-ჩვენება და ნატო მარშანიას წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ ქართულ და ინგლისურ ენებზე პრეზენტაცია. ღონისძიების ფარგლებში ასევე  აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტი ჩატარდა.

გამართულ ღონისძიებაში, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს  წარმომადგენლები,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა - გურამ მისაბიშვილმა.