2020-10-06 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
მასწავლებელთა ღვაწლის დაფასებისა და მათთვის მადლობის გადახდის მიზნით!
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა ღვაწლის დაფასებისა და მათთვის პატივის მიგების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეები მარინა შენგელია და ირმა კეკელიძე, სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე აფხაზეთის დამსახურებულ მასწავლებელს, ქ. გაგრის №1 საშუალო სკოლის პედაგოგს ალექსანდრა (საშურა) შენგელაიასა და ქ. სოხუმის სოფელ იაშთხვის საშუალო სკოლის პედაგოგს, ეროვნული მოძრაობის აქტიურ წევრს მურმან ზაქარაიას ეწვივნენ.
მარინა შენგელიამ და ირმა კეკელიძემ მადლობა გადაუხადეს მათ საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მომავალ თაობებზე ზრუნვისათვის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელი და საჩუქრები გადასცეს.
ალექსანდრა (საშურა) შენგელაია - მშობლიური კუთხის აფხაზეთისა და საერთოდ, მთელი საქართველოს დიდი პატრიოტის თამაზ ნადარეიშვილის დედა - არაერთი ქართველი, აფხაზი და სხვა ეროვნების ახალგაზრდის აღმზრდელი და დამკვალიანებელია. მან აფხაზეთში ცხოვრებისა და მუშაობის წლები სიყვარულითა და ნოსტალგიით გაიხსენა და იქ დაბრუნების დიდი იმედი გამოთქვა. აფხაზეთში დაბრუნების იმედით იყო გამსჭვალული მურმან ზაქარაიას სიტყვებიც. ადამიანისა, რომელმაც დევნილობამდე თუ დევნილობის შემდეგ თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ეროვნული იდეალების ერთგულებასა და აფხაზეთში დაბრუნებისათვის ბრძოლას შეალია. მან ხაზგასმით თქვა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსგან მიღებულ საპატიო სიგელს ქ. სოხუმის სოფელ იაშთხვის საშუალო სკოლისთვის გადაცემულ სიგელად აღიქვამს და მას უძღვნის.
გაზიარება