27 ოქტომბერი - აფხაზური ენის დღე - აფხაზეთის საჯარო სკოლებში საინტერესოდ აღინიშნა

27 ოქტომბერს 2007 წლიდან საქართველოში აფხაზური ენის დღე აღინიშნება. საქართველოს კონსტიტუციით აფხაზურ ენას, ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მის დაცვასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. 2015-2016 სასწავლო წლიდან აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში აფხაზური ენა არჩევითი საგნის სახით ისწავლება. ამავე სკოლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით, მოქმედებს აფხაზური ენის სასწავლო ჯგუფები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ამ დღის აღსანიშნავად აფხაზეთის საჯარო სკოლები უკვე მერამდენე წელია 21-27 ოქტომბერს აფხაზური ენის კვირეულს ატარებენ. მიუხედავად პანდემიისა, ტრადიცია არც წლეულს დარღვეულა, კერძოდ: ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის კვირეული გაიხსნა გამოფენით - ,,აფხაზეთი ჩვენი ტკივილი და მონატრება“. სკოლაში ნაწილობრივ ონლაინფორმატში, შემეცნებითი თვალსაზრისით, საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ჩატარდა საუბრები თემაზე „აფხაზური ენის დიალექტები“ და გაიმართა ვიქტორინა - „ყველაფერი აფხაზური ენის შესახებ“. აფხაზური ენის კვირეულის დახურვის დღეს კი გაიმართა შემოქმედებითი საღამო - „პოეზიის 5 წუთი აფხაზურ ენაზე“ და აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფის წევრებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ცნობილი აფხაზი პოეტების ლექსები.

აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში ონლაინფორმატში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები „აფხაზური და ქართული ლიტერატურის“ თაობაზე. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დახატეს ნახატები თემაზე - „ჩემი აფხაზეთი“.

აფხაზეთის №5 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის დღის აღსანიშნავად სკოლის მოსწავლეებმა თემატური პრეზენტაციები წარმოადგინეს. ამასთანავე, კვირეულის ფარგლებში სკოლაში მოეწყო ნახატების გამოფენა - „მომავლის აფხაზეთი“.

აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჩანაწერები და ნახატები მოტივით - „ჩვენ დავბრუნდებით“.

აფხაზეთის №14 საჯარო სკოლაში, კვირეულის ფარგლებში, მოეწყო აფხაზური ენისა და ისტორიის კვლევის ამსახველი მასალების გამოფენა. ამასთანავე, მოსწავლეებმა, ნაწილობრივ დისტანციურად, მიიღეს ინფორმაცია აფხაზური დამწერლობის, მისი ისტორიისა და ქართულ-აფხაზური საერთო წარსულის შესახებ.

ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო აფხაზური კალიგრაფიის კონკურსი. ამავდროულად, ყველა კლასში, ნაწილობრივ დისტანციურად, ჩატარდა კლასის საათი თემაზე - „აფხაზურ-ქართული ურთიერთობები ისტორიულ წარსულში“. პედაგოგებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია აფხაზური ენის წარმოშობასა და განვითარებაზე. კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაზე აფხაზური ენის ჯგუფის წევრებს შორის აფხაზური ენის ცოდნის შეფასების მიზნით მოეწყო კონკურსი.

22 ოქტომბერს თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის კვირეული გაიხსნა ფილმის „გაღმა ნაპირის“ ჩვენებით. სკოლის ბიბლიოთეკაში გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე: „ქართულ-აფხაზური ურთიერთობები“. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით სკოლაში მოეწყო ნახატების გამოფენა - „შემოდგომა აფხაზეთში“. კვირეულის ბოლოს გაიმართა კონცერტი ღია ცის ქვეშ, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი ანსამბლი „ოცნება“ და აფხაზური ენის ჯგუფის წევრები, რომლებმაც ქართველ პოეტთა შემოქმედება ქართულ-აფხაზურ ენაზე წაიკითხეს.

საბოლოოდ აფხაზური ენის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილმა ღონისძიებებმა მოიცვა თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის აფხაზეთის საჯარო სკოლები.