საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მიხეილ ჩხენკელმა თავდაპირველად ეკა ხოფერიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
შეხვედრისას მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს, ზოგადი განათლების მიმართულების პროექტების განხორციელების გზებზე იმსჯელეს, ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერისა და „ტელესკოლის“ პროგრამების გამდიდრების აუცილებლობა.
მიხეილ ჩხენკელმა სტუმრებს განათლების მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომელთა შორის ცხადია, მოიაზრებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდები, ევროპული დონის განათლების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და მისი დევნილი და ოკუპირებული ტერიტორიების ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის გზებზე. ითქვა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფ. ფოცხოეწერში სწორედ ამ მიზნით უკვე დაიწყო პროფესიული სწავლებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.