საკლასო ოთახებს აფხაზეთის საჯარო სკოლებიც დაუბრუნდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია თბილისში განთავსებულ აფხაზეთის მეორე და მესამე საჯარო სკოლებს ეწვია. მან მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საკლასო ოთახებში დაბრუნება და სწავლის განახლება მიულოცა.
 
ეკა ხოფერია Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში არსებული საგანმანათლებლო გარემოს უსაფრთხოებას და ხარისხიანი განათლების მიღების მიზნით გაწეულ სამზადისს გაეცნო. მისი თქმით, ორივე სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რესურსით და ზედმიწევნით იცავს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებსა და შესაბამის რეკომენდაციებს.
 
მინისტრი სკოლების ინფრასტრუქტურითაც დაინტერესდა. კმაყოფილება გამოთქვა მეორე საჯარო სკოლის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის გამო და თავის მხრივ აღნიშნა, რომ სამინისტრო სკოლას შესასვლელის მოპირკეთებასა და ბაღის მოწყობაში დაეხმარება. ხოლო რაც შეეხება მესამე საჯარო სკოლას, აქ სამინისტროს მეტი ძალისხმევა მართებს: საჭიროა მეორე გასასვლელის გაჭრა (უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით), გამოსაცვლელია იატაკი და გასარემონტებელია სააქტო დარბაზი.