2021-03-20 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
ილორის ეკლესიის ეზოში ვაზის იშვიათი ჯიშები დაირგო
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ინიციატივით თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესიის ეზოში რამდენიმე ათეული აფხაზური და მეგრული ვაზის უნიკალური ჯიში დაირგო.
ეკლესიის ეზოში ვაზის იშვიათი ჯიშები იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა - დავით ფაცაციამ, მინისტრის პირველმა მოადგილემ - ბელა კოპალიანმა, აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორმა - ბესიკ სილაგაძემ, ეკლესიის მოძღვარმა - მამა ლევანმა, მევენახე-მეღვინემ - სერგო ჭანტურიამ, სასულიერო პირებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა დარგეს.
ეკლესიის ეზოში მეგრული და აფხაზური ვაზის უნიკალური ჯიშები მევენახე-მეღვინე სერგო ჭანტურიას მხარდაჭერით დაირგო. აღსანიშნავია, რომ ბატონი სერგოს დახმარებით დასავლეთ საქართველოში დაბრუნებულ იქნა 20-ამდე ვაზის იშვიათი ჯიში, მათ შორის აფხაზური უნიკალური ჯიშები - აწნიჟი, აშუღაჟი, აშხაფში, ამლახუ და ავასირხვა. მისი დახმარებით ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება მეგრული და აფხაზური ვაზის იშვიათი ჯიშებისგან ვენახის გაშენება.
ღონისძიების ფარგლებში, მინისტრის აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით მოეწყო ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაც.