2021-04-09 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
9 აპრილი - 1989 წლის ტრაგედიისა და 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა რეჟიმმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ასობით ადამიანის დაჭრა, მოწამვლა და დასახიჩრება მოჰყვა. აღნიშნული საყოველთაო დაუმორჩილებლობის შედეგად 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.
„სიმბოლურია, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ამ ორ მნიშვნელოვან მოვლენას - დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში თავის განწირვასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, აერთიანებს ერთი დღე - 9 აპრილი.
ზუსტად 30 წლის წინ ქართველმა ერმა, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ ერთხმად და თამამად გამოხატა თავისი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ, რითაც 9 აპრილი იქცა საქართველოს ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ.
განსაკუთრებით დღეს, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და მათი მხრიდან პერმანენტულად გრძელდება ჩვენი მოქალაქეების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევები, მნიშვნელოვანია, ქართველმა ერმა ისევ გამოიჩინოს ეროვნული ერთიანობა და დაიცვას ის ფუნდამენტური ღირებულებები, რის უზრუნველყოფასაც ჩვენმა მოქალაქეებმა გმირულად შესწირეს საკუთარი სიცოცხლე.
მადლობა ყველა გმირს, რომელთა სამაგალითო ერთობისა და თავდადების წყალობით საქართველომ მოიპოვა თავისუფლება და აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.