მინისტრის აპარატის ინიცირებული კანონპროექტების განხილვა

13 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში განხილულ იქნა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ინიციატივით მომზადებული 7 კანონპროექტი:

  • „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი;
  • „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი;
  • ,,თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი;
  • ,,მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი;
  • ,,არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი;
  • ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი;
  • „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი.

მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული კანონპროექტები მიზნად ისახავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი საქმიანობის საკანონმდებლო სივრცეში მოქცევას და მისი როგორც ლეგიტიმური ხელისუფლების როლის ამაღლებას. რათა მოქნილი და ეფექტური საქმიანობის განხორციელებით უზრუნველყოფილ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა და სამხედრო სავალდებულო/სამხედრო სარეზერვო სამსახურში დევნილთა შეუფერხებელი გაწვევის ხელშეწყობა.

სხდომაზე კანონპროექტების განხილვის საფუძველზე, კომიტეტის წევრებმა 7 კანონპროექტიდან 6-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე განსახილველად წარდგენას მხარი ერთხმად დაუჭირეს. რაც შეეხება მე-7 კანონპროექტს, კერძოდ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს, გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტისა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მოსაზრებების შეჯერება და 20 მაისს განსახილველად წარდგენა


სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, მასში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ამავე საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის წევრები, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები.