აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით კაჭრეთის „ამბასადორის“ საცხენოსნო კლუბის ბაზაზე „აფხაზეთის თასზე“ საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა. ტურნირი ყოველწლიურად იმართება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეულ სპორტსმენებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი მხედრებიც მონაწილეობენ. მიმდინარე წელს შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა და 20-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
 
პირველი ადგილის მფლობელი გახდა აფხაზეთიდან დევნილი თეონა ლაშხია, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ დააჯილდოვა. შეჯიბრის გამარჯვებულებს, ასევე, თასები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.
 
ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
ღონისძიების ფარგლებში, საცხენოსნო შეჯიბრის შემდეგ, აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელისა და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. მოეწყო, ასევე, ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ და ცნობილი მხატვრის ელდარ ქავშბაიას ნამუშევრების გამოფენა.
 
ტურნირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაციის, აფხაზეთის საცხენოსნო ხალხური თამაშობებისა და საცხენოსნო სპორტის ფედერაციის და კაჭრეთის ამბასადორის საცხენოსნო კლუბის მხარდაჭერით ჩატარდა.