2021-05-27 |
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდში აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლისა და გამყოფი ხაზის სოფელ რუხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „მიზნობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის პროგრამის“ ფარგლებში, სამედიცინო აქციაში თბილისის წამყვანი კლინიკების და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო შემოწმება და ექოსკოპიური გამოკვლევა (ენდოკრინულ დაავადებათა სკრინინგი, ტანდეგობის დარღვევის გამოვლენა, პირის ღრუს დაავადებათა და მხედველობის დაავადებათა სკრინინგი) ჩაუტარდათ.
აქციის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი და ნებაყოფლობითი, COVID-19-ის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება. დადებითი პასუხის მქონე პაციენტებზე ბინაზე მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული მედიკამენტების ნაკრები გაიცა. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მოსწავლეებს პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ.
პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.