2021-06-04 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, მწერალთა სახლში, ცნობილი მკვლევარისა და მეცნიერის, ნატო მარშანიას წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაციას დაესწრო.
სსიპ "კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს" მიერ გამოცემული ნატო მარშანიას წიგნის ინგლისურ ენაზე თარგმნა ფონდ - „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტის, თიკა სვანიძე ვენკოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
წიგნი დოკუმენტურ მასალაზეა აგებული და მოგვითხრობს 1921 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოდან დევნილი, ევროპაში ემიგრირებული აფხაზი არისტოკრატების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მათ მცდელობაზე, ქართველ ემიგრანტებთან ერთად თავიანთი წვლილი შეეტანათ საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისაგან გათავისუფლებაში.
ღონისძიებაზე, ასევე, მოეწყო კინოჩვენება, რომელიც ასახავდა მე-20 საუკუნის დასაწყისში დამოუკიდებელი, საერთო ქართული სახელმწიფოს შენებაში აფხაზ მოღვაწეთა ფასდაუდებელ დამსახურებას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ბექა ოდიშარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები - ვახტანგ ყოლბაია და გია გვაზავა, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი - დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი - ეკა ხოფერია, სსიპ "კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს" დირექტორი - ლიკა კვარაცხელია, ფონდ - „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტი, თიკა სვანიძე ვენკო, გორისა და ატენის ეპისკოპოსი მეუფე ანდრია.
ღონისძიება მიეძღვნა, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, 1919 -1921 წლებში აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარის, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის იუბილეს, რომელსაც 26 ოქტომბერს დაბადებიდან 140 წელი შეუსრულდა.
“ქართულ-აფხაზური მეგობრული ურთიერთობების გულშემატკივარი თითოეული ადამიანისთვის განსაკუთრებულად ძვირფასია წიგნში აღწერილი ისტორიები, რომლებიც წარმოაჩენს ემიგრაციაში მყოფი აფხაზი არისტოკრატიის ერთიან, ეროვნულ – ქართულ ცნობიერებას, მათ მცდელობას, ქართველ ემიგრანტებთან ერთად, წვლილი შეეტანათ საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისაგან გათავისუფლებაში.
მადლობას ვუხდი წიგნის ავტორს, ქალბატონ ნატო მარშანიასა და გამოცემის მხარდამჭერს - სსიპ "კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს" ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობისთვის, რომლითაც ჩვენი საერთო ისტორია, ტრადიცია და კულტურა წარმოჩნდება.
მინდა ავღნიშნო, რომ მსგავსი აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჭეშმარიტი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზი თანამოქალაქეების ცხოვრება ერთმანეთის გარეშე შეუძლებელია.
განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა წიგნის ინგლისურ ენაზე თარგმანისა და გამოცემის ფინანსურ მხარდამჭერს, ფონდ - „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტს თიკა სვანიძე-ვენკოს, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, რომელიც ამ ღონისძიების გარდა, სხვა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერითა და განხორციელებით არის ცნობილი.
მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი აქტიურობით ჩავერთოთ მსგავს ღონისძიებებში, რათა თითოეული ჩვენგანის ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ქართულ-აფხაზური პოზიტიური ურთიერთობების წარმოჩენა, ჩვენი საერთო ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და ფასეულობების შესანარჩუნებლად!” - აღნიშნა დავით ფაცაციამ.