13 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პაველ ვიზდალს შეხვდნენ და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლასა და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში დაფინანსდა სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის პროექტი - „ჯანსაღი გარემო უკეთესი მომავლისათვის“. ამ პროექტმა ახლახან საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ სლოვაკეთის ოფიციალური დახმარების (SLOVAKAID) ფარგლებში გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. კონკურსი მიზნად ისახავს განვითარებადი ქვეყნების ფინანსურ მხარდაჭერასა და მოქნილი, ოპერატიული და ეფექტური მცირე პროექტების დაფინანსებას.
პროექტის თანახმად აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი სპორტული დარბაზი მოეწყობა და სკოლის 235 მოსწავლისათვის უსაფრთხო სასწავლო გარემო შეიქმნება.
კონკურსში გამარჯვება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლების ძალისხმევით მოხერხდა, რისთვისაც მათ მინისტრის მადლობა დაიმსახურეს.