აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 29 წელი გავიდა

„დღეს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 29 წელი გავიდა.

14 აგვისტო ქართველებისა და აფხაზების საერთო ტრაგედიისა და საერთო მარცხის დღეა.1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული კონფლიქტი, რომელიც დიდხანს მზადდებოდა მესამე მხარის მიერ,  აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციით დასრულდა, რამაც სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრება, იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის სიცოცხლე, 400 ათასზე მეტ ადამიანს კი მოუწია იძულებით საკუთარი სახლ-კარის დატოვება და საკუთარ სამშობლოში დევნილის სტატუსით ცხოვრება.

28 წლის შემდგომაც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარება სულ უფრო მძიმეა. რუსეთის ფედერაცია დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების „სრულ კონტროლს“ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევებს, მათ შორის, შეზღუდულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, მასობრივად ნადგურდება ქართული კულტურის ძეგლები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ყველა ლეგიტიმური საშუალებით, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით ყველაფერს აკეთებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვისთვის.

მჯერა რომ, ტკივილის და ტრაგედიის სიმძიმის მიუხედავად თანმიმდევრული, რაციონალური სამშვიდობო პოლიტიკით და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აფხაზებთან ერთად აღვადგინოთ ისტორიული ერთობა და ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში." - დავით ფაცაცია