ნანა გაბელიამ სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემიის პირველ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ პროგრამის მონაწილეებს კურსის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
 
პროგრამის მონაწილეებს გამოცდილება საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში ნინო გოგოხიამ გაუზიარა და მათ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში მიღებული პრაქტიკა გააცნო.
 
კონკურსის შედეგად შერჩეულ, აფხაზეთიდან დევნილ 20 ახალგაზრდას სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით ხუთ დღიანი სასწავლო კურსი ჩაუტარდათ. პროგრამის დასასრულს ახალგაზრდებმა კურსის ფარგლებში, მომზადებული პრეზენტაციები წარადგინეს.
 
„სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“ მინისტრის აპარატის მიერ ახლახანს შეიქმნა, რომლის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე ცოდნის მიღება, აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ახალი უნარების განვითარება, ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში ჩართულობა, თავიანთი თემის საჭიროებების იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მიტანა.