17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა

გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს ქ. ქუთაისთან ახლოს, სოფელ ჭყვიშში, კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ვასილ ტაბიძის ოჯახში დაიბადა.

იგი თავიდანვე აღიარეს „პოეტების მეფედ“ და „გენიალურ გალაკტიონად“. მისმა ლექსებმა - „მე და ღამემ“, „მთაწმინდის მთვარემ“, „მზეო თიბათვისამ“, „ლურჯა ცხენებმა“, „სილაჟვარდემ...“, „უსიყვარულოდ“ და სხვ.  რიტმით, ტონითა თუ ნახევარტონებით, მუსიკალურობით, ფერით, სიტყვის მოქნილობითა და ბგერის კეთილხმოვანებით... მკითხველს აქამდე წარმოუდგენელი, სხვათაგან მოუხელთებელი პოეტური სამყარო გადაუშალა. მან ქართულ ლიტერატურაში შექმნა პოეტური მწვერვალი, რომლის გადალახვაც დღემდე ვერავინ შეძლო.

გალაკტიონი თავის ავტობიოგრაფიაში წერდა: „...ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან - ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი: აფხაზების, გურულისა და იმერლის“. ალბათ ამიტომაც იყო ბუნებრივი, როდესაც გალაკტიონს პირველი ნახვისთანავე ძალიან შეუყვარდა აფხაზეთი და გადაწყვიტა სოხუმში აეშენებინა სახლი, რომელსაც თვითონ „Вилла Галактиона – Вилла короля поэтов“ უწოდა. სახლის მშენებლობა თითქმის ათი წლის შემდეგ დაასრულა, მაგრამ შიგ ცხოვრება ვერ მოასწრო.

გალაკტიონმა 1959 წლის 17 მარტს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.