2021-11-13 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემიამ ახალგაზრდების პირველი ნაკადი მიიღო
სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემიამ ახალგაზრდების პირველი ნაკადი მიიღო. პროექტის ფარგლებში, კონკურსის შედეგად შერჩეულ, აფხაზეთიდან დევნილ 20 ახალგაზრდას სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით ხუთ დღიანი სასწავლო კურსი ჩაუტარდებათ.
მონაწილეებს, დარგის ექსპერტები თავიანთ გამოცდილებას და პრაქტიკას გაუზიარებენ. ასევე, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ პროექტის წერა და შემდგომ, მათი პრაქტიკაში განხორცილება, მოსახლეობასთან კომუნიკაციის, პრობლემის იდენტიფიცირებისა და რესურსების მოძიების მიმართულებით.
პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპი დაეთმობა მონაწილე ახალგაზრდების შეხვედრების ორგანიზებას დევნილთა ჩასახლებებში, პრობლემებისა და რესურსების იდენტიფიცირების მიზნით, რის საფუძველზეც მომზადდება პროექტები და საუკეთესო იდეა განხორციელდება.
სასწავლო კურსის დასასრულს პროგრამის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ, ხოლო, ის მონაწილეები, რომლებიც აღნიშნულ კურსს წარმატებით გაივლიან აკადემიის დიპლომებს მიიღებენ.
„სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“ მინისტრის აპარატის მიერ ახლახანს შეიქმნა, რომელის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე ცოდნის მიღება, აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ახალი უნარების განვითარება, ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში ჩართულობა, თავიანთი თემის საჭიროებების იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მიტანა.