დავით ფაცაცია აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული პირების სამხედრო პატივით დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.
სამხედრო პატივით დაკრძალვის ცერემონიალს ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება.
8 იდენტიფიცირებული ცხედრის (5 სამხედრო პირი, 3 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.
დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადმოსვენებული 4 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.