საირმეში აფხაზეთიდან დევნილი შშმ ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის პროექტი - „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ განხორციელდა

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები დაუნის სინდრომზე ცნობადობის ამაღლების ღონისძიებებით აღნიშნავენ.

სწორედ ამ მიზნით, სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტომ“ საირმეში, აფხაზეთიდან დევნილი, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის განახორციელა 2 დღიანი პროექტი - „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“.

ღონისძიების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების ექსპერტ-კონსულტანტმა მაკა ჭანკვეტაძემ მშობლებს ჩაუტარა თემატური ტრენინგები, ხოლო ბავშვებისთვის დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები.

პროექტის დასკვნით ღონისძიებას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი და სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დირექტორი სალომე დოლიძე დაესწრნენ და ბავშვებს სამსახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

პროექტში 40-მდე აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვმა და მათმა მშობლებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლის მიზანი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, შეზრუდულ შესაძლებლობებზე ცნობიერების ამაღლება, ახალი და ჯანსაღი მიდგომების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.

„სასიამოვნო, თბილი და პოზიტიური განცდებია აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებთან და მათ მშობლებთან შეხვედრა, შთაბეჭდილებების გაცნობა და განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო მათი აქტიურობა, პროექტით დაინტერესება და ჩართულობის მაღალი სურვილი.

გარდა იმისა, რომ პროექტით დაგეგმილი აქტივობების მიზანია დევნილი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და შეზღუდულ შესაძლებლობებზე ჯანსაღი მიდგომების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ვფიქრობ მსგავსი ტიპის გასვლითი ღონისძიებებით უფრო მეტად მოვახდენთ ჩვენი დევნილი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გახალისებასა და მათი სოციალური ურთიერთობების გაღრმავებას.

ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი აფხაზეთიდან დევნილი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვის ხელშეწყობაა. ავღნიშნავ, რომ მსგავსი ღონისძიებები არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და მომავალშიც გავაგრძელებთ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდამჭერი აქტივობების განხორციელებას.“- დავით ფაცაცია.