ნანა გაბელიამ ბაკურიანში ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი გახსნა

15 ივნისს, მინისტრის აპარატის ორგანიზებით ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი გაიხსნა. კონკურსის წესით შერჩეული 35 ახალგაზრდა ერთი კვირის განმავლობაში შემეცნებითი ტრენინგების პარალელურად სახალისო, სპორტულ და გუნდურ აქტივობებში ჩაერთვება.

პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი და არადევნილი მოზარდების სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, კონფლიქტებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით მათთვის ცნობიერების ამაღლება.

 „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი  განაგრძობს იმ პროექტების და პროგრამების განხორციელებას, რომელთა მიზანია ჩვენი ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა. მოზარდებისთვის  საინტერესო, სასარგებლო და სასიამოვნო გარემოს შექმნა, სადაც ისინი თავისუფალ დროს ნაყოფიერად გაატარებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ბანაკის მონაწილეებისთვის ზაფხულის ეს კვირა გამორჩეულ მოგონებად დარჩება“-აღნიშნა მინისტრმა ნანა გაბელიამ.

ბანაკის გახსნას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა ესწრებოდა.