სენაკში, მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო სკოლა აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის წარმატებით დასრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განათლების ცენტრის ორგანიზებით, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით ქ. სენაკში, მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში აფხაზეთიდან დევნილი, 15-დან 17 წლამდე მოზარდებისთვის განხორციელებული ორ კვირიანი საზაფხულო სკოლა წარმატებით დასრულდა და პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის აფხაზეთის მე-10 საჯარო, სენაკის მუნიციპალიტეტის აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლებისა და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებები. საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმა შეიძინეს ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორიც არის - ეფექტური კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობა, კონფლიქტების მართვა, ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, სტრესის მართვა, პროექტის წერა და სხვა. პროექტის მიზანია - დევნილი ახალგაზრდების ინტეგრირების პროცესის ხელშეწყობა, მათში მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების გაღვივება, მოზარდთა თავისუფალი დროის გონივრული ორგანიზება, მოსწავლეებში STEM-ის მიმართულებით ინტერესის აღძვრა, ქვეყნის ისტორიის და ეთნოგრაფიის, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელება, ახალგაზრდებისათვის ჯანსაღი და მეგობრული გარემოს შექმნა.

საზაფხულო სკოლის დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის კეთილმოწესე-დეკანოზი - იოანე კუპრეიშვილი, სენაკის ღირსი ალექსი სენაკელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური-მღვდელი - მალხაზ ჭანტურია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი - დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე - გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი – სალომე დოლიძე, ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი - ვახტანგ გადელია, მერის პირველი მოადგილე - გრიგოლ ბაღათურია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლები.