სიახლეები

მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ ვოვა ვეკუას ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, ვლადიმერ (ვოვა) ვეკუას სახელობის ქუჩაზე მდებარე მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკო და 1989 წელს სოხუმში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო.

ვოვა ვეკუა 1989 წლის 15 ივლისს აფხაზეთში შეიარაღებული შეტაკებისას სასიკვდილოდ დაიჭრა და 18 ივლისს დაიღუპა. ის იყო ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი და აფხაზეთში ილია ჭავჭავაძის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას ვოვა ვეკუას სახელი მიენიჭა.

2025-07-18
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაში მორიგი საკადრო ცვლილება განხორციელდა. აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრად გიორგი ჟღენტი დაინიშნა.

ახლად დანიშნული მინისტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ დღეს სამინისტროს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა.

მთავრობის თავმჯდომარემ მის გამოცდილებას გაუსვა ხაზი და ახალი ხელმძღვანელის პირობებში ჯანდაცვის მიმართულების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.

გიორგი ჟღენტი 1978 წელს გალში დაიბადა. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA. მინიჭებული აქვს მაგისტრის და დოქტორის აკადემიური ხარისხები.

მას კერძო სექტორში მრავალწლიანი და ნაყოფიერი მუშაობის გამოცდილება აქვს. მინისტრად დანიშვნამდე იყო "საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და მხარდაჭერისთვის” დირექტორის მოადგილე.

გიორგი ჟღენტმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ქარდავა შეცვალა.

2025-07-18
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, პალატაში გაერთიანებული საწარმოებისა და კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა დარგის ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის დევნილი მეწარმე ქალები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მხარდაჭერის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, ასევე, კერძო სექტორის ჩართულობით მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი დევნილი მეწარმეების მხარდაჭერა. ამ მიზნით დღეს მათთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გავმართეთ, სადაც წარმოვადგინეთ ჩვენი ხედვები და ის მხარდამჭერი პროგრამები, როლებსაც დევნილი მეწარმეების მხარდასაჭერად აფხაზეთის მთავრობა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებენ. მცირე მეწარმეებთან, ასევე საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია და ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

პანელურ დისკუსიებში შეხვედრის მონაწილეებმა მეწარმეების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს, ასევე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

2025-07-15
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ იაპონელ დიპლომატს აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურა და საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გიორგი ჯინჭარაძემ განსაკუთრებული ყურადღება აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და ასევე ჰუმანიტარული მნიშვნელობის სხვა საკითხებზე გაამახვილა.

თავის მხრივ, ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართულებით იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრაზე მხარეებმა დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად სხვადასხვა  მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.

2025-07-14
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ დევნილი მოსახლეობის პრობლემები და საჭიროებები პირადად მოისმინა და აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში ყველა საკითხზე დროულ რეაგირებას დაჰპირდა.

"აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია და მათი საჭიროებების გაცნობა უმნიშვნელოვანესია არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და დროული რეაგირებისთვის.

ჩვენი მიზანია, საფუძვლიანად შევისწავლოთ თითოეული საკითხი, რათა არცერთი პრობლემა არ დარჩეს ყურადღების მიღმა და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი დევნილი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები მუდმივ ხასიათს ატარებს და აფხაზეთის მთავრობის აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

2025-07-11
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრად ალიონა ჩხოტუა დაინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მორიგი ცვლილება განხორციელდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის თანამდებობაზე ალიონა ჩხოტუა დანიშნა.

ახლად დანიშნული მინისტრი გიორგი ჯინჭარაძემ დღეს სამინისტროს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა.

ალიონა ჩხოტუა 1976 წელს გაგრაში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. მას საჯარო სექტორში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ალიონა ჩხოტუამ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ძიგუა შეცვალა, რომელიც აღნიშნულ პოზიციას 2024 წლიდან იკავებდა.

2025-07-11