რუსლან აბაშიძე გურიის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე გურიის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა და მათ პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნო. დაიგეგმა უახლოეს მომავალში შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილებსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის, სადაც დეტალურად მოხდება ყველა საჭიროებების განხილვა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.

დევნილებთან შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბების ხელშეწყობისა და ფინანსური მხარდაჭერის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საპილოტე  პროექტი  განიხილეს მინისტრთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

 

რუსლან აბაშიძე გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ რუსლან აბაშიძესა და გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.

საუბარი შეეხო  იმ ინიციატივებსა და პროექტებს, მათ შორის  სოფლის მეურნეობის, ასევე საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიმართულებით, რომელთა  განხორციელება მნიშვნელოვანია გურიის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, გურიის  რეგიონული  სამმართველოს ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

სამოქალაქო ბიუჯეტის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირებასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში დღეს შეხვედრა გაიმართა. 2020 წლიდან ზუგდიდის ხუთივე ადმინისტრაციულ ერთეულს თანხა გამოეყოფა, რომელიც მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. ზუგდიდის მაცხოვრებლები პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეძლებენ დაგეგმონ ქალაქის ბიუჯეტი. ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები.
შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია, მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის უფროსი რეზო ქობალია, დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები ესწრებოდნენ.
პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლლიდარობის ფონდ PL საქართველოს ხელშეწყობით ხორციელდება.

 
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დევნილი მოზარდებისთვის „სამშვიდობო საზაფხულო ბანაკი“ გახსნა

2019 წლის 29 ივლისს აჭარაში, ქ. ქობულეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით, ტრადიციული „სამშვიდობო საზაფხულო ბანაკი“ გახსნა.

ბანაკი აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული სკოლების მოსწავლეების დასვენების, სწავლისა და გართობის საინტერესო პროგრამას ითვალისწინებს.

8 დღის განმავლობაში ბანაკში მოზარდებისთვის საგანმანათლებლო, შემეცნებითი, კულტურული და სპორტული აქტივობები გაიმართება. მნიშვნელოვანი აქცენტი სამშვიდობო განათლების, კონფლიქტოლოგიის, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და გარემოსდაცვითი მიმართულების ტრენინგებს, თემატურ ვორკშოპებსა და თამაშებს დაეთმობა.

უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პარტნიორობას უწევს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი SENN-ი. ბანაკის პერიოდში ასევე დაგეგმილია საინტერესო შეხვედრები და ვიზიტები.

 
წარმომადგენლობა აგრძელებს შეხვედრებს დევნილებთან

წარმომადგენლობა კვლავ აგრძელებს შეხვედრებს დევნილ მოსახლეობასთან მათთვის პრობლემატური საკითხების მოკვლევისა და შემდგომი რეაგირების მიზნით. ამჟამად, წარმომადგენლობა იმყოფებოდა და შეხვდა ბაღდათსა და კოპიტნარში მცხოვრებ დევნილებს.

გულრიფშის მუნიციპალიტეტში მდებარე 19 ისტორიულ ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 2019 წლის 19 ივლისის ბრძანების საფუძველზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში მდებარე 19 ისტორიულ ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ამ ნაგებობებს ეს სტატუსი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი საბჭოსადმი წერილობითი მიმართვისა და წინასწარ მომზადებული სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე მიენიჭა.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ გულირიფშის მუნიციპალიტეტში მდებარე ქვემოთ ჩამოთვლილი ისტორიული ნაგებობები ამ დრომდე არ იყო შეტანილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.

ძეგლების სია:

1. ციხე-კოშკები - (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. ალექსანდროვკა, XVI-XVII სს.);
2. დოლმენი - (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. აზანთა, ნეოლითის ხანის გვიანდელი პერიოდი, ძვ.წ. 4000 - ძვ.წ. 3000);
3. დოლმენი - (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. აზანთა, ნეოლითის ხანის გვიანდელი პერიოდი, ძვ.წ. 4000 - ძვ.წ. 3000);
4. ეკლესია - (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. აზანთა, XIX საუკუნის I ნახევარი);
5. ბაბუშერას კოშკი - (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბაბუშერა, XVI-XVII სს.);
6. დარბაზული ეკლესია - (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბაღმარანი, განვითარებული შუა საუკუნეები);
7. დარბაზული ეკლესია - (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბაღმარანი, გვიანი შუა საუკუნეები);
8. გუმბათიანი ეკლესია - (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბაღმარანი, 1898 წ.);
9. გალავანი - (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბაღმარანი, გვიანი შუა საუკუნეები);
10. ციხე-სიმაგრე - (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბაღმარანი, გვიანი შუა საუკუნეები);
11. დარბაზული ეკლესია - (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბაღმარანი, განვითარებული შუა საუკუნეები);
12. ეკლესია - (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. დრანდა, გვიანი შუა საუკუნეები);
13. ეკლესია - (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, დაბა გულრიფში, 1908 წ.);
14. კოშკი - (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. კელასური, განვითარებული შუა საუკუნეები);
15. სასახლე - (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. ლათა, განვითარებული შუა საუკუნეები)
16. ციხე-სიმაგრე - (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. მერხეული, განვითარებული შუა საუკუნეები);
17. ეკლესია - (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. აჭანდარა (პოლტავსკოე), XIX საუკუნის II ნახევარი);
18. ციხე-სიმაგრე - (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფ. წებელდა, განვითარებული შუა საუკუნეები);
19. მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია - (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, ზემო ფშაფი, XIX საუკუნის II ნახევარი).

ამგვარი კვლევა კვლავაც გაგრძელდება და სავარაუდოდ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აფხაზეთში მდებარე კიდევ არაერთ ძეგლს მიენიჭება.

იხ.ვრცლად: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4619886?publication=0

ანსამბლ ,, ივერიას " საქველმოქმედო კონცერტი ზუგდიდში

   

2019 წლის 30 ივნისს ზუგდიდის ხელოვნების ცენტრში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის ანსამბლ ,, ივერიას " საქველმოქმედო კონცერტი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წამომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.

როლანდ ნიჟარაძე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის მოწყობილ საზაფხულო-საველე ბანაკს სტუმრობდა

როლანდ ნიჟარაძე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის მოწყობილ საზაფხულო-საველე ბანაკს სტუმრობდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, ,,საზაფხულო-საველე ბანაკი აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისათვის“ წლეულს უკვე მეხუთედ მოაწყო. ბანაკი ამჟამად ბორჯომის ხეობაში, ჩითახევის მიდამოებში გაიმართა.

წლეულს ბანაკი გაგრძელდა ორ ნაკადად, 5-5 დღის ხანგრძლივობით და მასში 90-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ: ქ. თბილისისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების, ოკუპირებული გალის რაიონის, კოდისა და თეთრიწყაროს დევნილთა ჩასახლებებისა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსწავლეები. თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ქვეპროგრამის - ,,გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ სალექციო კურსი გაიარეს და აფხაზეთის თემისადმი მიძღვნილ ახალგაზრდულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ.

მათ ამ დღეებში, დასვენება-გართობასთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ეკოლოგიისა და სამოქალაქო განათლების საკითხებზე სემინარები ჩაუტარდათ. სემინარების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს ტრენერობას უწევდნენ: კოდის სათემო-საგანმანათლებლო ცენტრის წარმომადგენელი ნინო ელიაური, ასოციაცია ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG)" თანამშრომელი ილო ბოცვაძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა და მისი მოადგილე გიორგი პატაშური.

ბანაკის ფარგლებში მოეწყო ასევე ექკურსიები ისტორიულ ადგილებში, მოზარდებმა რაბათის ციხე, მწვანე მონასტერი და სხვ. ძეგლები დაათვალიერეს.

ბანაკის მონაწილეები მოინახულა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ თანაშემწესთან მალხაზ კორძახიასთან ერთად. როლანდ ნიჟარაძემ ბანაკში რამდენიმე საათი დაჰყო, ის მოზარდების გართობით-შემეცნებით აქტოვობებს დაესწრო და ბოლოს მათ აფხაზეთის ისტორიის საკითხებზე ესაუბრა.

ბანაკს ასევე სტუმრობდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ხაჩიძე და მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა.

ეკატერინე ტიკარაძემ და რუსლან აბაშიძემ დევნილებთან მორიგი შეხვედრა გამართეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან მორიგი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი საინიციატივო ჯგუფის მხრიდან წარმოდგენილი წინადადებების განხილვა იყო. სამუშაო შეხვედრაზე, მინისტრმა და მთავრობის თავმჯდომარემ საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. კერძოდ, საუბარი შეეხებოდა ბინის მიღებისა და ქირის კრიტერიუმების გადახედვის საკითხებს. ასევე, დევნილების მეტ ჩართულობას და კომისიის გამჭვირვალეობის მექანიზმის შემუშავებას. მსგავსი სახის შეხვედრები დევნილთა საინიციატივო ჯგუფებთან, რეგულარულად გაიმართება.

შემაჯამებელი შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან

2019 წლის 29 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტს შორის 2016 წლის 29 თებერვალს გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. შეხვედრის დროს განხილულ იქნა და შეჯამდა იუსტიციის დეპარტამენტში სტუდენტთა  მხრიდან  პრაქტიკის გავლის პერიოდში  განხორციელებული აქტივობები.

რუსლან აბაშიძე ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას დაესწრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ესწრებოდნენ.

კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს ჰეპატიტების წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოში გატარებულ ღონისძიებებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, ვინაიდან ყველა მოქალაქისათვის ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტები სრულიად უფასოა. ასევე, ხაზი გაესვა იმ ფაქტსაც, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით  ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები თანამოქალაქეებიც აქტიურად სარგებლობენ.

დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობით ორდღიანი ვორკშოპი გაიმართა

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ორგანიზებით, პროექტის „CYNC სივრცე“ ფარგლებში, ორდღიანი შემეცნებით-გასართობი ტრენინგი გაიმართა. პროექტში თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 100-მდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.
შეხვედრის პარალელურად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდების გადაღებული ფოტოების გამოფენა სახელწოდებით „გალიდან - ფსოუმდე“ მოეწყო. ასევე საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების მიერ იტალიაში ერთობლივად მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის „საერთო წარსულით - საერთო მომავლისკენ“ ჩვენება გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია,
ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი ბელა სარია.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება შემდეგ თემებზე: სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა, ბავშვის უფლებები, აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, კონსტიტუცია, დემოკრატიისა და მშვიდობის მშენებლობა, მეგობრობა ბულინგისა და აგრესიის ნაცვლად, ხელოვნება, როგორც მშვიდობის მშენებლობის გზა.

საქველმოქმედო აქცია

2019 წლის 26 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის, ირუზა კაკავას ინიციატივით, ამერიკული ორგანიზაციის „Orphan Grain Train, ასოციაციის „APDWIT“ და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მხარდაჭერით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფოცხო-ეწერის დევნილთა ჩასახლებაში ჩატარდა საქველმოქმედო აქცია, მოსახლეობას სხვადასხვა მათთვის საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცათ.

დევნილი ახალგაზრდების მონაწილეობით ორდღიანი ვორკშოპი გაიმართა

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან  თანამშრომლობით,  პროგრამის „დევნილი ახალგაზრდების ჩართულობა  ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის“ ფარგლებში ორდღიანი ვორკშოპი ჩატარდა.

ვორკშოპის პარალელურად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდების გადაღებული ფოტოების გამოფენა სახელწოდებით „გალიდან - ფსოუმდე“ მოეწყო. ასევე საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების მიერ იტალიაში ერთობლივად მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის „საერთო წარსულით - საერთო მომავლისკენ“ ჩვენება გაიმართა.

პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსი გიგა გაბელაია ესწრებოდნენ.

ვორკშოპში 100-მდე 14-დან 18 წლამდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობდა. პროექტის ბოლოს მონაწილეებს  სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიების მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება შემდეგ თემებზე: სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა, ბავშვის უფლებები, აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, კონსტიტუცია, დემოკრატიისა და მშვიდობის მშენებლობა, მეგობრობა ბულინგისა და აგრესიის ნაცვლად, ხელოვნება, როგორც მშვიდობის მშენებლობის გზა.