"მშვიდობის სკოლა“ იწყება

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროექტი ,,მშვიდობის სკოლა“ ითვალისწინებს, 6 თვის განმავლობაში, აფხაზეთის საკითხებით დაინტერსებული 10 ახალგაზრდის გადამზადებას შემდეგი მიმართულებებით:

  • დეზინფორმაცია და მედია
  • ადამიანის უფლებები და უფლებრივი მდგომარეობა
  • შერიგება და კონფლიქტის ტრანსფორმაცია

პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები აფხაზეთის თემატიკის ირგვლივ სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, დეზინფორმაციის იდენტიფიცირებაზე და სწორი ინფორმაციის გავრცელების მექანიზმებზე.

ბენეფიციარები, ასევე, დატრენინგდებიან ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და გადამზადდებიან შერიგებისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის კუთხით, რაც ითვალისწინებს თემატურ სიმულაციებში მონაწილეობას, დებატებსა და მოლაპარაკებებში დახელოვნებას.

ტრენინგები ჩატარდება როგორც სააუდიტორიო, ასევე დისტანციურ ფორმატში.

სააუდიტორიო შეხვედრები გაიმართება შაბათს და კვირას, ქ. რუსთავში, მინისტრის აპარატის სარგებლობაში არსებულ სივრცეში და ორივე მიმართულებით ტრანსპორტირება იქნება უზრუნველყოფილი.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებულ, 20-დან 30 წლის ჩათვლით, ახალგაზრდებს.

სასურველია სოციალური მედიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

შერჩეული აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 მარტი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსოთ ქვევით მოცემული სარეგისტრაციო ფორმა.

https://forms.gle/2hLHKHcxk5tMDtGG9

გისურვებთ წარმატებებს!

 

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში ინგლისური ენის კურსის პრეზენტაცია გაიმართა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის ინგლისური ენის კურსის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე ინგლისური ენის კურსის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, საქართველოში ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსმა ალექსანდრე დანიელსმა და ამავე საელჩოს ინგლისური ენის პროგრამის კოორდინატორმა ლია გუმბერიძემ.

სტუდენტებს რამდენიმე თვის განმავლობაში ინგლისური ენის გაკვეთილებს ჩაუტარებს ფულბრაითის პროგრამის ინგლისური ენის ასისტენტი საქართველოში იასნიმე რაისი. სტუდენტებსა და პედადოგს შორის გაცნობითი შეხვედრა გუშინვე შედგა.

პროექტის მიზანია დაეხმაროს აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებაში.

დავით ფაცაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2020-2022 წლების ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

"რელიგიური ორგანიზაციების, საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად, სასტუმრო „ბილტმორში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2020-2022 წლების ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, სადაც ირღვევა ეროვნებით ქართველების და აღმსარებლობით მართლმადიდებლების რელიგიის, გამოხატვის, თავისუფლად გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, ნადგურდება, თვითნებურად იერ-სახე ეცვლება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესია-მონასტრებს.

დიდ მადლობას ვუხდი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობისა და ოკუპაციის თემის განსაკუთრებული ყურადღებისთვის.

სწორედ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ იქნა მომზადებული გამოცემა - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, რომელიც წარმოადგენს საერთო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ერთ-ერთ ძლიერ ბერკეტს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ.

იმ ღირებულებების ერთგულება, რისთვისაც ოდითგანვე იღწვოდა ქართველი ერი, არის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საშუალება ჩვენი ქვეყნის იდენტობის შენარჩუნებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა."- დავით ფაცაცია

რუხში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გახსნეს.

საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობა ითვალისწინებს სამართლებრივი დოკუმენტების (საჩივარი, სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა, შესაგებელი და სხვ.) შედგენას და საადვოკატო მომსახურებას, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარო პირებისთვის უფასოდ, რაც თავისთავად უზრუნველყოფს აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფების ბენეფიციარების ხელმისაწვდომობას კონკრეტულ სერვისებზე. ნებისმიერ სამართლებრივ თემაზე უფასო კონსულტაცია შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურ რეჟიმში.

იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიხსნა და მისი მიზანია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დახმარება.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის, იურიდიული დახმარების სამსახურის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იწყება განაცხადების მიღება პროგრამაზე ,, დასაქმების ხელშეწყობა"

სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ აცხადებს კონკურს და განაცხადების მიღებას ქვეპროგრამის - „დასაქმების ხელშეწყობა“ - ფარგლებში, რომლის მიზანია აფხაზეთიდან დევნილთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების მიერ პროფესიული ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებისა და/ან განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური უნარ-ჩვევებისა და/ან აქტივებით უზრუნველყოფის  გზით (საერთო ჯამში, მაქსიმუმ 2.500 ლარის და არა უმეტეს 3 ერთეულის)

 

  1. ქვეპროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
  • აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ სპეციალური პროფესიულ-ტექნიკური უნარ-ჩვევები ან სურთ მიიღონ ასეთი ცოდნა, და ამ ჭრილში აქვთ წინადადება პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებისა და/ან შემდგომი განვითარების შესახებ.

 

  1. ინფორმაცია კონკურსის პირობების, კრიტერიუმებისა და შესავსები განაცხადის ფორმის შესახებ იხილეთ ქვეპროგრამის დებულებაში ლინკზე: abkhazia.gov.ge/saministro/MINISTRY-OF-FINANCE-AND-ECONOMY

 

  1. განაცხადების მიღება მატერიალური ან ელექტრონული ფორმით ხორციელდება 2023 წლის 1 მარტის 12:00 საათიდან 2023 წლის 1 აპრილის 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ ან ელ. ფოსტაზე saagento.ek@gmail.com

 

  1. საკონტაქტო პირები: ჯანო ქირთბაია - 591931532; ნიკა ჯანგირაშვილი - 591931461; თეა კვარაცხელია - 591931463 (ორშაბათი-პარასკევი; 10:00 – 17:00 სთ.)

 

 

 

                                                 

 

 

 

 

 

რუსლან აბაშიძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰადას ესთერ მეიცადთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მთავრობის თავმჯდომარემ ისრაელელ დიპლომატს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

ისრაელის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით  სამომავლო თანამშმრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

 

რუსლან აბაშიძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, კოჯორში, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

„ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის 1921 წლის 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა, რადგან მრავალმა ქართველმა თავი შესწირა სამშობლოს თავისუფლებას. მათმა ღირსეულმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და წლების შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა.

ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის არ დასრულდება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. ჩვენ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ მშვიდობიანად, პროგრესით და განვითარებით. ჩვენ მას აუცილებლად გამარჯვებით დავასრულებთ.

დღეს ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, სადაც მშვიდობა და სტაბილური განვითარება უზრუნველყოფილია“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

რუსლან აბაშიძე მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისის საკრებულოში მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.

ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მშობლიური ენის საერთაშორისო დღე მიულოცა. სიტყვით გამოვიდნენ და მშობლიური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში 15 მეცნიერი და ხელოვანი დააჯილდოვეს.

საღამო თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე იუნესკომ ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით 1999 წელს დააწესა. საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015-2016 წლებში შესაძლებელი გახდა საქართველოს ზოგიერთ სკოლაში მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენების სწავლება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 1978 წელს განვითარებული მოვლენების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დედაენის დღედ 14 აპრილი გამოცხადდა.

საქართველოს ჩემპიონატის მატჩი ფუტსალში სოხუმის „დინამოს“ ქალთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა

ფუტსალში ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონატის (ზამთრის თასი) მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს „დინამო“ სოხუმი და „კვარტალი“ თბილისი შეხვდნენ. შეხვედრა აფხაზეთის ქალთა გუნდის გამარჯვებით 6 : 5 დასრულდა და მიღწეული შედეგით სოხუმის ქალთა გუნდი ჩემპიონატის 1/2 ფინალში იასპარეზებს.

მატჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების კვლევითი ინსტიტუტის (RIITI) პრეზენტაციას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად,  საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების კვლევითი ინსტიტუტის (RIITI) პრეზენტაციას დაესწრო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ გახსნეს. პრეზენტაცია საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების კვლევითი ინსტიტუტის (RIITI) პრეზიდენტმა, პროფესორმა თამარ კერძაიამ წარადგინა.

გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პროცესში საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების მნიშვნელობაზე. კვლევითი ინსტიტუტის საერთაშორისო ექსპერტებმა, პანელური დისკუსიების ფორმატში, უახლესი საერთაშორისო სავაჭრო და საინვესტიციო ტრენდები შეაფასეს. ღონისძიების ბოლოს ექსპერტთა ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექპერტები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალი ინტერაქტიული პორტალის ,,რეგიონული და მუნიციპალური პორტალი“ პრეზენტაციას დაესწრო

 პორტალი ევროკავშირის, დანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მომზადდა და მისი მიზანია მუნიციპალურ დონეზე სტატისტიკური შესაძლებლობების განვითარება, სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

 პორტალზე არსებული 80-მდე მაჩვენებელი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: მოსახლეობა და დემოგრაფია, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურა, მშენებლობა, ტურიზმი, ბიზნეს რეგისტრი, ბიზნეს სექტორი და სხვა.

 მუნიციპალიტეტების დონეზე სტატისტიკური მონაცემების წარმოების შესაძლებლობების ზრდა საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2020-2023 წლებისა და დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგიებით განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 

რუსლან აბაშიძე საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

რუსლან აბაშიძემ დანიელ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მთავრობის თავმჯდომარემ ანე ტოფტ სორენსენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

მხარეებმა შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშმრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას დანიის ელჩის თანაშემწე სებასტიან რასმუსენი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით გახარია ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მოადგილე ანზორ მარგიანთან ერთად, აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, პერსპექტივებსა და ინიციატივების განხორციელებაში სამომავლო მხარდაჭერაზე ისაუბრა.

შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ომის ვეტერანების პრობლემებზე, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი აფხაზეთის მეომართა კავშირის ყრილობაზე თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.

რუსლან აბაშიძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს დაესწრო. სააგენტოს ანგარიში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა გახსნა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი მხეიძემ, ღონისძიებაზე, სააგენტოს მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი 3 530 დევნილ ოჯახს გადაეცა. 2023 წლიდან კი, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები 5 ქალაქში – თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში დაიწყება.

ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2023 წლის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებას იწყებს

პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერების მხარდაჭერა და მათთვის სამეცნიერო კვლევებში ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს:  

 ა)  სამეცნიერო ლიტერატურის/კვლევის გამოცემა;

 ბ) სამგზავრო ხარჯები მეცნიერების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისთვის;

  გ) აფხაზეთის მკვიდრი მეცნიერები, რომლებიც წარმოადგენენ კვლევებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში;

  დ) მეცნიერი, რომელიც არაა აფხაზეთის მკვიდრი, მაგრამ მისი კვლევა თემატურად დაკავშირებულია საქართველოს ამ კუთხესთან;

  ე) უპირატესობა მიენიჭება თანადაფინანსებით წარმოდგენილ და თემატურად აფხაზეთთან დაკავშირებულ პროექტებს;

   ვ) არ დაფინანსდება ზედიზედ 2 წლის განმავლობაში სამეცნიერო ნაშრომის ბეჭდვის თაობაზე ერთი და იგივე ავტორის მიერ შემოტანილი პროექტი.

პროგრამის გამოცხადებიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე მიიღება ბეჭდვასთან დაკავშირებლი პროექტები; მეცნიერებისთვის და ასევე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის პროგრამების სტუდენტებისთვის  სამგზავრო ხარჯები დაფინანსდება 2023 წლის 30 ნოემბრამდე.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ.

პროგრამა: https://bit.ly/3jHgXlL

ანკეტა:  https://bit.ly/3YtLt18