რუსლან აბაშიძე ფოცხოეწერში პროექტის „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ გახსნას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ფოცხოეწერში პროექტის „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ გახსნას დაესწრო. პროექტი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ქვეპროგრამის „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში ხორციელდება.

ღონისძიებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნანა გაბელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველ მოადგილე ნინო ვიბლიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საპილოტე პროექტის ფარგლებში ფოცხოეწერში მცხოვრები 4-17 წლის ასაკის დევნილი ბავშვებისა და მოზარდებისთვის (47 ბენეფიციარი) სოციალური სივრცე შეიქმნა. პროექტი ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა სახის სპორტული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს.

პროექტი 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი მიზანია დევნილი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, ფსიქოლოგიური და კეთილმოწყობილი უსაფრთხო გარემოს შექმნა, არაფორმალური განათლების  მიღებისა და   მულტიკულტურული საზოგადოებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების  ჩამოყალიბება, სამოქალაქო აქტიურობისათვის მოტივაციის ამაღლება, ნიჭიერი  ბავშვებისა და მოზარდების  გამოვლენა და მათი  შემდგომი  წინსვლის ხელშეწყობა.

აფხაზეთის მთავრობის განცხადება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის გასხვისებასთან დაკავშირებით. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკას დაფუძნების დღიდან, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო მართავს და მის დაქვემდებარებაშია.

არანაირი სამართლებრივი აქტი არ არსებობს პოლიკლინიკის გასხვისებასთან დაკავშირებით და ეს საკითხი აფხაზეთის მთავრობაში არც განხილულა. პოლიკლინიკა ჩვეულ რეჟიმში, სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ აქტიურად აგრძელებს მუშაობას და პაციენტების მიღებას.

გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

აფხაზეთიდან დევნილები კოლეჯ „მოდუსში“ პროფესიული გადამზადების კურსს გაივლიან

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი ოთხი ბენეფიციარი კოლეჯ „მოდუსში“ პროფესიული გადამზადების ორთვიან კურსს გაივლის. დღეს, პროგრამის მონაწილეებს აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, ,,საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის” დირექტორ ვახტანგ ფოჩხუათან ერთად შეხვდა და სასწავლო პირობებს ადგილზე გაეცნო. პროფესიული გადამზადების პროგრამა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ და კოლეჯ „მოდუსი“-ს თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია დევნილი ბენეფიციარების სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობა.

რუსლან აბაშიძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ თომას მიულმანს შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ ავსტრიელ დიპლომატს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და თავისუფალი გადაადგილების საკითხებზე. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

სალექციო კვირეულის - „აღმოაჩინე აფხაზეთის“ - მეხუთე ლექცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სალექციო კვირეულის - „აღმოაჩინე აფხაზეთის“ - რიგით მეხუთე და წლეულს უკვე ბოლო ლექცია მწერალმა დათო ტურაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში წაიკითხა. საუბრის თემა ისევ აფხაზეთი და მასთან დაკავშირებული ამბები თუ ემოციები იყო.

სტუმარი დამსწრეთ წარუდგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ.

ლექციას ესწრებოდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები და ქუთაისში განთავსებული აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

 

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრს ეკა ხოფერიას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მოუსმინეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, დეპუტატების მიერ, ინტერპელაციის წესით, წერილობით დასმულ შეკითხვებს უპასუხა. სხდომას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
 
დეპუტატების შეკითხვების გათვალისწინებით, ეკა ხოფერიამ სამინისტროს მიერ განათლებისა და კულტურის სფეროებში გაწეულ საქმიანობაზე, შესაბამის სიახლეებსა და მიღწეულ შედეგებზე, პრობლემებსა და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრა.
 
განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა გალის რაიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის გამო არსებულ გამოწვევებსა და მათ საპასუხოდ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე.
 
მინისტრმა ასევე უპასუხა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სიპებისა და ა(ა)იპების საქმიანობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე.
 
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა საკმაოდ მაღალი შეფასება მისცეს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის ინოვაციურ ხედვებსა და მიდგომებს და მას მხარდაჭერა აღუთქვეს.
 
2021 წლის 3 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა.

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა მიერ გასატარებელი ღონისძიებები საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად „საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“.
მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული პროგრამების შესახებ.
სხდომაზე, ასევე, განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

 

რუსლან აბაშიძე ჩეხური საერთაშორისო ორგანიზაცია „People In Need“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ჩეხური საერთაშორისო ორგანიზაცია „People In Need“ (PIN) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორ დიონ ბატერსბის შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი დასაქმების ხელშემწყობი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის მიმართულებით კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილი ფერმერების გაძლიერების ხელშეწყობას.

შეხვედრაში აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე მონაწილეობდა.

მინისტრმა ნანა გაბელიამ გერმანული ენის შემსწავლელი კურსის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.
კურსის ფარგლებში გერმანიიდან მოწვეულმა სპეციალისტმა მონაწილეებს ქვეყნის კულტურა გააცნო და არსებული სასწავლო პროგრამებისა და სტიპენდიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
 
,,ქართულ-აფხაზური საზოგადოების ჩართულობა, თუნდაც ერთი პროექტის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან საერთო მოტივაცია და მიზანი ხელს შეუწყობს ჩვენს დაახლოებას და ინტეგრაციას, საბოლოოდ კი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პოზიტიურ ცვლილებას"- განაცხადა ნანა გაბელიამ.
 
კურსის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცათ პროექტის პედაგოგსა და პარტნიორ ორგანიზაციებს.
 
ღონისძიებას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა უძღვებოდა.
 
პროგრამა - ,,,გერმანული ენის უფასო ონლაინ კურსი", ქვეპროგრამის ,,სამშვიდობო რესურსი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა“ - ფარგლებში განხორციელდა და მასში 41-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
 
აღნიშნული პროგრამა მინისტრის აპარატმა, მიგრაციისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ/CIM) პარტნიორობით განახორციელა.
მინისტრი ნანა გაბელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.

მინისტრი უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს შეხვდა და მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესებს გაეცნო.

ნანა გაბელიამ სამოქალაქო ინტეგრაციისა და კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“, როგორც ეფექტურ და ნაყოფიერ შესაძლებლობაზე ისაუბა და უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა აღნიშნა.

შეხვედრაზე მინისტრი სტუდენტების წინაშეც წარსდგა და მათ მინისტრის აპარატის მიერ ამჟამად გამოცხადებული კონკურსი „სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“, გააცნო.

საუბარი ასევე სამომავლო სტაჟირებისა და სხვადასხვა პროექტებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას შეეხო, რამაც სტუდენტებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.

რუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან და „USAID GEORGIA“- ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ჰოპმანთან ერთად, სოფელ რუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი გახსნა.

ცენტრი ფუნქციონირებას 10 ნოემბრიდან დაიწყებს და აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის მომსახურებას უფასოდ შესთავაზებს. ცენტრი დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებების, დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოს ცენტრალური მთავრობის პროგრამების შესახებ.

ცენტრის თანამშრომლები მოსახლეობას გაუწევენ კონსულტაციებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, საწარმოს შექმნასა და ფუნქციონირების წესებთან დაკავშირებით, ასევე, დაეხმარებიან პროექტების შედგენასა და დონორების მოძიებაში, დამსაქმებლის მაძიებლებს კი - საჭირო დოკუმენტების მომზადებაში.

პროექტი აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ’’პროგრამებისა და სერვისების სააგენტოსა“ და USAID-ის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ,,აფხაზეთის კუთხე" გაიხსნა

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ,,აფხაზეთის კუთხე’’ გაიხსნა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ და ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ მოაწერეს. ხელმოწერის შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ , აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელმა ზვიად ქარჩავამ აფხაზეთის ენდემური მცენარეთა ნერგები დარგეს. ლევან თევზაიას განცხადებით ,,აფხაზეთის კუთხის“ გახსნის მიზანია აფხაზეთის და მისი ბუნებრივი სიმდიდრის პოპულარიზაცია. ,,აღნიშნული პროექტი, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით კლუბის „მწვანე დიპლომატიის“ შექმნასაც გულისხმობს, რომელიც მდინარე ენგურის ორივე მხრიდან ახალგაზრდებს გააერთიანებს. ამ პროექტს, ასევე გააჩნია უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ქართველებსა და აფხაზებს შორის შერიგებისა და დაახლოების პროცესში’’- განაცხადა ლევან თევზაიამ. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები გიორგი ჯინჭარაძე და ელისო გვასალია, სამინისტროს პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ ბაბუნაშვილი ესწრებოდნენ. მინისტრმა პროგრამის განხორცილების პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

რუსლან აბაშიძემ შერიგების პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის მიზნით მოწვეული სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შერიგების პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის მიზნით მოწვეული სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და კომისიის წევრები მონაწილეობდნენ.

სხდომის მონაწილეებმა მიმოიხილეს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარეობის პირველი - შეფასებისა და მონიტორინგის ეტაპი. სხდომის ფარგლებში განხილულ და დამტკიცებულ იქნა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობითა და სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებების გათვალისწინებით მოამზადა. ამასთან, მონაწილეებმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.

სამთავრობო კომისიის წევრები შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის შემდგომ ეტაპებზე შეთანხმდნენ.

სამთავრობო კომისია 2011 წელს, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და მისი სამოქმედო გეგმის შესაბამისად შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით ვებინარი „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განათლების უფლების შეზღუდვა“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ ვებინარში „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განათლების უფლების შეზღუდვა“ მიიღო მონაწილეობა.

ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიური ენის შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო, ასევე, სამართლებრივი საკითხების შესწავლას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რეაგირების არსებული მექანიზმების განხილვისა და დარგის ექსპერტების, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების ჩართულობით ახალი ეფექტური, შედეგის მომტანი გზების ძიების საკითხებს.

ვებინარი აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა და მასში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნანა გაბელია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი თეიმურაზ გვანცელაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ლია გიგაური, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კონსტანტინე გამსახურდია და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე შალვა ტაბატაძე მონაწილეობდნენ.

ვებინარი „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განათლების უფლების შეზღუდვა“ ჩატარდა
აფხაზური ენის დაცვის დღესთან დაკავშირებით ვებინარი „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განათლების უფლების შეზღუდვა“ ჩატარდა.
 
შეხვედრა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნა.
 
ონლაინ შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ლია გიგაური, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კონსტანტინე გამსახურდია, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე შალვა ტაბატაძე და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი თეიმურაზ გვანცელაძე მონაწილეობდნენ.
 
,,გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის აკრძალვამ და ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითმა რუსიფიკაციამ აქტუალური გახდა ქართული და აფხაზური ენების პრობლემა.
 
ვებინარის მიზანი იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიური ენის შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევებისა და სამართლებრივი საკითხების შესწავლა , საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ეფექტური გზების ძიება დარგის ექსპერტების, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების ჩართულობით"-განაცხადა ნანა გაბელიამ.
 
ვებინარს მოდერირებას უწევდა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა.
 
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობა საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
 
შეხვედრა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.