ტრენინგი პიროვნული განვითარება – “წარმატებული მენეჯერის ლიდერული თვისებები”

მიმდინარე წლის 19 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში ჩატარდა ტრენინგი  პიროვნული განვითარება –”წარმატებული მენეჯერის ლიდერული თვისებები”. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი, ასევე მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები კერძოდ, იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები და იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. ტრენინგის მსვლელობისას გამოყენებულ იქნა ინტერაქტიული მეთოდი და შესაბამისი სავარჯიშოები: ბრეინ–შტორმინგი, ტესტების შევსება და ჯგუფური სამუშაო. ტრენერის პრეზენტაციის ნაწილში მონაწილეებმა მოისმინეს ამერიკელი ფსიქოლოგების ჯოზეფ კენჯემის და კაზიმირ კოვალსკის “ლიდერების და წარმატებული მენეჯერების თვისებების უმნიშვნელოვანესი შვიდი განსხვავების”სპეციალური კვლევის შედეგები, ასევე დანიელ გოლმანის “ლიდერთა ფილოსოფიის” ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილის “ემოციური ინტელექტი”–ს ნოვაციური ხედვა. საინტერესოდ ჩატარდა ჯგუფური სამუშაო, სადაც მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს ლიდერული თვისებების მქონე იდეალური მენეჯერის სავარაუდო სახე. დასასრულს მონაწილეებმა მადლობა მოუხადეს ტრენინგის ორგანიზატორებს და მომავალში ტრენინგის ჩატარების თაობაზე სურვილი გამოთქვეს.

ქ. ზუგდიდში გაიმართა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გასვლითი სხდომა

მიმდინარე წლის 18 თებერვალს ქ. ზუგდიდში გაიმართა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გასვლითი სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც აღნიშნული კომისიის წევრებმა, ასევე სამეგრელო ზემო–სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და რეგიონალური სამსახურების ხემძღვანელებმა, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, აგრეთვე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტროს აპარატის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიასთან მდებარე ადმინისტრაციული ერთეულებსა და სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის (მ.შ. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა) წინაშე არსებული სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისადმი მიმართული პროექტების მიმდინარეობა.
სხდომაზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ზოგიერთ განხორციელებულ, მიმდინარე და განსახორციელებელ აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ.
კომისიის სხდომის დამთავრების შემდეგ სხდომის მონაწილეებმა დაათვალიერეს იაპონიის მთავრობის პროგრამით (,,GRASROOT„) დაფინანსებული და აფხაზეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მოწყობილი სასათბურე სადემონსტრაციო მეურნეობის მშენებლობის პროცესი.

ზუგდიდში საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა

ზუგდიდში საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიასთან მდებარე ადმინისტრაციულ ერთეულებსა და სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიმდინარე პროექტები განიხილეს.

სხდომას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის  თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია უძღვებოდნენ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რეგიონული განვითარების სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია ვახტანგ ყოლბაიამ მიაწოდა.

ასევე, სხდომის მონაწილეებმა იაპონიის მთავრობის პროგრამით ,,GRASROOT„ დაფინანსებული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში მოწყობილი სასათბურე-სადემონსტრაციო მეურნეობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამძიმარი თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. ანკარაში, მიმდინარე წლის 17 თებერვალს განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა გამო.

მომხდარი ფაქტი, ტრაგედიაა არა მარტო თურქეთისთვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის და შეიძლება შეფასდეს როგორც დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კიდევ ერთხელ უსამძიმრებს მომხდარის გამო და, ქვეყნისთვის ამ უმძიმეს წუთებში, მორალურ თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქეთის ხელისუფლებასა და სრულიად თურქეთის მოსახლეობას.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

„გამყოფ ხაზთან“ მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 14 ბენეფიციარს და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს მეორადი სასათბურე კონსტრუქციები გადაეცათ

2018 წლის 15 ოქტომბერს აფხაზეთის ა/რ სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ თანამშრომლებმა USAID/ZRDA-სთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე და ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით წარმატებით დაასრულეს აუქციონზე გამარჯვებულ „გამყოფ ხაზთან“ (ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონის სოფლებში) მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 14 ბენეფიციარზე და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებზე მეორადი სასათბურე კონსტრუქციების გაცემა რუსთავის მე-17 კილომეტრზე არსებულ ყოფილ სასათბურე მეურნეობიდან.

პროექტი ითვალისწინებს დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობას სამთავრობო სტრუქტურების, დონორ-ორგანიზაციათა და დევნილთა საინიციატივო ჯგუფების აქტიურ ჩართულობით.

ამ დღეებში გამარჯვებულ ბენეფიციარებს სათანადო კონსულტაციებს გაუწევენ USAID/ZRDA-ს მიერ მოწვეული მაღალკვალიფიციური და სასათბურე ბიზნესში დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტები.

 

აფხაზეთის მთავრობა სტუდენტებისთვის სტიპენდიებს აწესებს

აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და წარჩინებული სწავლისათვის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მინიჭების საკითხზე სპეციალური პროექტი შეიმუშავა.

სტიპენდიები გათვალისწინებულია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილებოდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და საზოგადოებრივი აქტიურებით გამოირჩევიან.

პირველკურსელი სტუდენტები სასტიპენდიო რეიტინგში ჩართვას პირველი სემესტრში მიღებული ქულებით შეძლებენ.

სტიპენდიის მინიჭების საკითხის ორგანიზებული და შეუფერხებელი მუშაობისათვის აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროსთან შეიქმნება სპეციალური კომისია.

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას  სახელობის სტიპენდიის დაარსება მიზნად ისახავს აფხაზეთის თემაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა სტიმულირებას აფხაზეთის საკითხის გააქტიურებისა და პოპულარიზაციისათვის.

ყურადღება მიექცევა ახალგაზრდების სამეცნიერო ნაშრომებს, რომელნიც აფხაზეთის თემისადმი ინოვაციური ხედვებით, თანამედროვე მიდგომებით, აკადემიური წარმატებით და სამეცნიერო კონფერენციებში დასამახსოვრებელი, საინტერესო, ინტელექტუალური გამოსვლებით გამოირჩევიან.

სტიპენდია მაგისტრატურის სტუდენტებისთვის განისაზღვრება თვეში 150, ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 100 ლარით. სტიპენდია ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე) გაიცემა.

იმ შემთხვევაში თუ სტიპენდიაზე წარმდგენი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან  სტიპენდიანტზე კომისიას მოეწოდება ინფორმაცია, რომელიც ვეღარ აკმაყოფილებს სტიპენდიანტისადმი  წარდგენილ მოთხოვნებს, კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება სტიპენდიის მოხსნის შესახებ.

კომისიას 7 წევრის შემადგენლობით ამტკიცებს მინისტრი. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის პერონალურ შემადგენლბობაში ცვლილება შეაქვს მინისტრს.

კანდიდატის შესაბამისი დოკუმენტაცია (პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტის სასწავლო ბარათი, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სიგელები, სერტიფიკატები) წარედგინება მინისტრს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტაციას განსახილველად კომისიას წარუდგენს.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ რიგგარეშე კონფერენცია გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის 2015 წლის ანგარიში ფედერაციის პრეზიდენტმა მურად ანჯაფარიძემ წარადგინა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის დელეგატები, საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახაბერ ჭუმბურიძე, რომელმაც ახალი ხელმძღვანელობის ხედვასა და სამომავლო გეგმბეზე ისაუბრა.

ასევე, შეხვედრაზე აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის წესდებაში შესატანი და აღმასკომში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სახელით სამეცნიერო ხელმძღვანელმა ფრიდონ თოდუამ მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი, აფხაზეთის მთავრობის და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მემორანდუმი ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ამბულატორიულ-საკონსულტაციო, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დახმარებას.

ასევე, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის პროფესიულ მომზადება/გადამზადებაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მეორადი სამედიცინო-ტექნიკური ინვენტარით აღჭურვასა და სხვა ერთობლივ პროექტებში.

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ანსამბლ „აფხაზეთის“ რეპეტიციას დაესწრნენ

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები  აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „აფხაზეთის" რეპეტიციას დაესწრნენ.

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს  აფხაზეთის მთავრობის მფლობელობაში არსებულ შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც  დასასრულს უახლოვდება და სადაც უახლოეს მომავალში ქართულ-აფხაზური კულტურის ცენტრის პრეზენტაცია მოეწყობა.

ანსამბლ „აფხაზეთის" მხატვრულმა რეჟისორმა ლევან ღვინჯილიამ სტუმრებს საკონცერტო პროგრამის ძირითადი მიმდინარეობები გააცნო.   პროგრამაში შეტანილი იქნება აჭარული, აფხაზური, სვანური და მეგრული სიმღერებისა და ცეკვის ახალი ელემენტები.

ანსამბლი ,,აფხაზეთი" დასავლეთ საქართველოში ტურნეს იწყებს, გაზაფხულზე კი სრული საკონცერტო პროგრამით თბილისში წარსდგება.

ვაზიანის მინი-ფაბრიკაში წარმოებული ფეხსაცმელები ომის ვეტერანებს საჩუქრად გადაეცათ

გარდაბანის რაიონ სოფელ ვაზიანში, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA"-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან კოორდინაციით სამკერვალო მინი-ფაბრიკა 2015 წლის აგვისტოში გაიხსნა, სადაც 20-მდე იძულებით გადაადგილებული პირი დასაქმდა. მინი-ფაბრიკის ფინანსური დახმარების მიზნით თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA"-მ აღნიშნული სამკერვალოს მიერ წარმოებულ 350 წყვილი ფეხსაცმელი შეისყიდა, რომელიც I ჯგუფის ინვალიდებსა და სციალურად დაუცველ ომის ვეტერანებს გადაეცათ საჩუქრად.

მინი-ფაბრიკაში იმყოფებოდნენ და გადაცემის ცერემონიას დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA-ს" თბილისის ოფისის კოორდინატორი მუსტაფა ქორქმაზი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და დირექტორის პირველი მოადგილე მიხეილ ხომერიკი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ შამუგია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები.

კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაციები და საზოგადოებასთან კონსულტაციები დაიწყო

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია შემუშავდა. დოკუმენტის მთავრობის მიერ დამტკიცებამდე, მისი სრულყოფის მიზნით, სამინისტრო იწყებს სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციების ციკლს თბილისსა და რეგიონებში, ასევე კონსულტაციებს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან მთელი საქართველოს მასშტაბით.

3 თებერვალს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე - ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი - დიმიტრი ჯაიანი. პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები, საინიციატივო ჯგუფები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

თებერვალში დაგეგმილია 12 რეგიონული, 10 დარგობრივი და 4 თავისუფალი დასწრების ფორმატის შეხვედრა. მინისტრი ეწვევა საქართველოს ყველა რეგიონს (ქვემო ქართლი -ბოლნისი, სამეგრელო-ზემო სხვანეთი - ხობი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - ქობულეთი, გურია - ოზურგეთი, კახეთი - საგარეჯო, მცხეთა-მთიანეთი - დუშეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - ონი, იმერეთი - წყალტუბო, შიდა ქართლი - ხაშური, ახალციხე-სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომი. აფხაზეთის ა/რ-სა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების წარმომადგენლებთან შეხვედრები ჩატარდება თბილისში), წარადგენს სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიას და გამართავს კონსულტაციებს რეგიონის კულტურის სფეროს მუშაკებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან. რეგიონული შეხვედრების პარალელურად, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით, დაგეგმილია შეხვედრების ციკლი თბილისში, კულტურის სფეროს პროფესიულ წრეებთან და დაინტერესებულ მხარეებთან (შშმ პირები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედია და სხვ.). ბოლო ოთხი შეხვედრა თავისუფალი დასწრების ფორმატით ჩატარდება. საზოგადოებასთან კონსულტაციების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, დოკუმენტის შემდგომი დახვეწისა და სრულყოფის მიზნით სამუშაო ვერსია განთავსებული იქნება სამინისტროს ვებგვერდზე, სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე (www.culturepolicy.ge), ვიკიპედიაზე. რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაზიარების საშუალება მსურველებს თებერვლის ბოლომდე შეეძლებათ. საზოგადოების ამგვარი ფართომასშტაბიანი მონაწილეობა უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში სტრატეგიული ხასიათის დოკუმენტებზე მუშაობის ისტორიაში. კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი 2014 წლიდან დაიწყო გზამკვლევის შემუშავებით, რომელმაც განსაზღვრა სტრატეგიის მთავარი პრინციპები: ღიაობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა. აღნიშნულ პროცესში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამართა შეხვედრების პირველი ეტაპი: შედგა სულ 34 რეგიონული, დარგობრივი და უწყებათაშორისო შეხვედრა კულტურისა და შემოქმედების სფეროს მოღვაწეებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან (სულ ესწრებოდა 2000-მდე ადამიანი). შეხვედრების პარალელურად, მიმდინარეობდა კონსულტაციები - შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაზიარება როგორც წერილობით, აგრეთვე სხვადასხვა ელექტრონული რესურსის საშუალებითაც (ვებგვერდი, ელ.ფოსტა, ცხელი ხაზი, სპეციალური ონლაინ კითხვარი და სხვ.). კულტურის სტრატეგიის მიზანია, განსაზღვროს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც წარმოაჩენს როგორც კულტურის თანდაყოლილ ღირებულებას, ასევე, მის მნიშვნელობას ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებასა და ქვეყნის მდგრად განვითარებაში.

აფხაზეთიდან დევნილ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდს გადასაადგილებელი ეტლი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „Campus Lions Club Tbilisi" -ს თანამშრომლობით მორიგი საქველმოქმედო აქცია  გაიმართა.

ამჯერად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბენეფიციარს, აფხაზეთიდან დევნილ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდს ადაპტირებული გადაასადგილებელი ეტლი გადაეცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და „Campus Lions Club Tbilisi"-ს  პრეზიდენტი რატი ქირია ესწრებოდნენ.

აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში 2015 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიუირ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები. ანგარიში ეხებოდა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას, სტატეგიულ მიმართულებებსა და სოციალური ხასიათის პროექტებს. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდასთან დაკავშირებული ხედვები.

„ჩვენ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩავაბარეთ პარლამენტს, მოსახლეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენს წარმომადგენლობებს იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. დღეს კი ანგარიში წარვუდგინეთ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, რადგან კონსტიტუციურად ჩვენ ანგარიშვალდებულნი ვართ უმაღლესი საბჭოს წინაშე. ბატონმა გია გვაზავამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ჩვენს მიერ ჩატარებულმა რეფორმებმა აფხაზეთის მთავრობას და მის სტრუქტურებს ახლებური და ნოვატორული მიდგომებისკენ უბიძგა. ეს გამოჩნდა 2015 წლის ანგარიშში, რომელმაც გამოკვეთა შესრულებული საქმეების მასშტაბი. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ დევნილებთან დაკავშირბით ჩვენ ზღვა სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ბუნებრივია, უნდა გაძლიერდეს საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი აქტიურობა, მათ შორის ევროსაბჭოში.

საჭიროა მუხლჩაუხრელი მუშაობა იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობას, სამეცნიერო წრეებს, პოლიტიკურ ელიტას მცდარი წარმოდგენა აქვთ აფხაზეთის ტრაგედიაზე. დავასახელებდი ესპანეთს, იტალიას, თურქეთს და სხვა ქვეყნებს. ეს პოლიტიკური საკითხია, ამიტომ საჭიროა ხშირი ჩასვლა ამ ქვეყნებში, ინფორმაციების გაცვლა, პოლიტიკოსებთან და სამეცნიერო წრეებთან შეხვედრები, ფრთხილი, მოზომილი და  ეფექტიანი მუშაობა, რომელსაც შეუძლია ჩვენს სასარგებლოდ სიტუაციის შეცვლა  და  მისი სხვა ყალიბში გადაყვანა. ძალიან მახარებს, რომ კარგად შეფასდა საინფორმაციო ცენტრის უზრუნველყოფის საკითხი, ასევე კარგი შეფასება მიეცა ჩვენ მიერ დაფინანსებული ჟურნალების პერიოდიკას „იალქანი", „რიწა", „აფქიო". სამწუხაროდ  ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ იქ მომუშავე თანამშრომლებს, რაც გამოსასწორებელია. ამავე დროს გვისაყვედურეს, რომ მცირე დაფინანსება აქვს ჯანდაცვის უზრუნველყოფას. რასაც ვიზიარებთ კიდეც, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის ახალი პროგრამები, რომელიც ამ ნაკლის კომპენსირებას მოახდენს. ვერ დაგიმალავთ, იმასაც, რომ გულისწყრომას იწვევს ჩვენს კოლეგებში ჰააგის სასამართლო, რომელიც იხილავს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის ტრაგედიას, პროცესს მიღმა კი რჩება 2008 წელს კოდორში მომხდარი მოვლენები. გამოითქვა მოსაზრება, რომ ამასთან დაკავშირებით მოეწყოს ჩვენი შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში, რომ მივაწოდოთ ჩვენი დოკუმენტაცია ჰააგის ტრიბუნალში წარსადგენად." - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა გამოფენა-პრეზენტაცია გამართა

1 თებერვალს, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრების 38-ე და დაბადების 83-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა-პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ლეილა ბაღბაიას მიერ შესრულებული ქართული კალიგრაფიის ნიმუშები (150-მდე ნამუშევარი) და სულიერებისა და კულტურის ცენტრის მიერ უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევით გამოცემული წიგნის „უფალი სუფევს, მშვენიერება შეიმოსას" პრეზენტაცია.

საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, საქართველოს პარლამენტის წევრი ელისო ჩაფიძე, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, სასულიერო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სახელმწიფო სამედიცინო რეფერალურ პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სახელმწიფო რეფერალურ პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს ჯანდაცვისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორის მცხოვრებთათვის რეფერალური პროგრამის მიმდინარეობზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ხაზი გაესვა პროგრამის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას, რომელიც საშუალებას მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია სამედიცინო რეფერალური პროგრამით გათვალისწინებული უფასო პაკეტების შესახებ.

ამ საკითხთან დაკავშირებით  დაგეგმილია სამუშაო  შეხვედრები.