აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 30 წელი შესრულდა

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 30 წელი გავიდა - თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და კიდევ ერთხელ პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

„რუსეთი უკვე წლებია აგრძელებს საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულებელყოფას.

მათი პროვოკაციული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას. ჩვენ გონივრულად, სამშვიდობო პოლიტიკით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მივაღწიოთ ქვეყნის დეოკუპაციას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა და 300 000 მეტი ადამიანი დევნილად იქცა.

ნანა გაბელიამ ქართული საკვირაო სკოლის წარმომადგენლებს აფხაზეთის თემატიკაზე გამოცემული წიგნები გადასცა
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია თესალონიკში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
 
„მადლობა მინდა გადავუხადო თესალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულს, ნოდარ კომახიძეს მასპინძლობისთვის. ჩვენ გვქონდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, მათ შორის ჩვენს დევნილ ემიგრანტებთან, მაღალი რანგის სასულიერო პირებთან. ასევე, ჩვენს თანამემამულეებს გადავეცით წიგნები აფხაზეთის თემატიკაზე და იმედი გვაქვს, ქართული საკვირაო სკოლის აღსაზრდელებისთვის ეს გამოცემები იქნება ქართულ-აფხაზური მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი“-აღნიშნა მინისტრმა.
 
მხარეებმა სამომავლო გეგმები განიხილეს და აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
 
შეხვედრას, ასევე, მინისტრის მოადგილეები გიორგი გაბედავა და მარინე გითოლენდია ესწრებოდნენ.
საბერძნეთში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკი გაიმართა

როდოსის მერიამ საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებს უმასპინძლა და მოზარდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საბერძნეთის ქალაქ როდოსის გუბერნატორსა და მიტროპოლიტს შეხვდნენ და გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

საერთაშორისო ბანაკი საბერძნეთში, როდოსზე სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს, ა(ა)იპ - სულიერების ცენტრისა და როდოსის მიტროპოლიის ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება.

ბანაკის ბენეფიციარები ა(ა)იპ - სულიერების ცენტრის სხვადასხვა პროგრამებში წარმატებით მონაწილე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე მოზარდები არიან .

რუსლან აბაშიძე და ნანა გაბელია თესალონიკის მიტროპოლიტ ანთიმოზს შეხვდნენ
საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია თესალონიკის მიტროპოლიტ ანთიმოზს შეხვდნენ.
 
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და საბერძნეთის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობებისა და მჭიდრო რელიგიური კავშირების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
 
რუსლან აბაშიძემ მიტროპოლიტ ანთიმოზს მადლობა გადაუხადა თესალონიკის ქართული დიასპორის მრავალწლიანი თანადგომისა და თესალონიკის ეპარქიის ფარგლებში არსებული, წმინდა ნიკოლოზის ქართული სამრევლოს დაარსების ხელშეწყობისთვის.
 
შეხვედრას, მინისტრის მოადგილეები გიორგი გაბედავა და მარინე გითოლენდია, თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე და თესალონიკის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი გიორგი მათურელი ესწრებოდნენ.
რუსლან აბაშიძე საბერძნეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია საბერძნეთის რესპუბლიკის ქალაქ სალონიკში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებულ, დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების გზების ძიების პროცესებში დევნილი ემიგრანტების ჩართულობა, ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია, დიალოგის ხელშეწყობა და შერიგების მხარდაჭერა მთავრობისა და მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

აღსანიშნავია, რომ სალონიკში მცხოვრები დევნილი ემიგრანტებისთვის, ემიგრაციაში მოღვაწე დიდი ქართველი დიპლომატისა და ხელოვანის გიორგი აფხაზის შემოქმედების ვირტუალური გამოფენა გაიმართა.

შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილეები გიორგი გაბედავა, მარინე გითოლენდია და სალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე ესწრებოდნენ.

საბერძნეთში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკი გაიხსნა

 

სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს, ა(ა)იპ - სულიერების ცენტრისა და როდოსის მიტროპოლიის ერთობლივი ორგანიზებით, ა(ა)იპ - სულიერების ცენტრის სხვადასხვა პროგრამებში წარმატებით მონაწილე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე მოზარდებისთვის საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე საერთაშორისო ბანაკი გაიხსნა.

პროექტის ფარგლებში, 40-მდე მოზარდი საბერძნეთში გაემგზავრა და კუნძულ როდოსზე არსებულ საერთაშორისო ბანაკში ორი კვირის განმავლობაში - ინტელექტუალურ, შემეცნებით, სახალისო, სპორტულ და გუნდურ აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას.

პროექტი მოზარდებს შესაძლებლობას მისცემს აიმაღლონ ცნობიერება სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის დასავლურ ღირებულებებზე, გაეცნონ ბერძნულ კულტურასა და ტრადიციებს, განივითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები. ამასთან, პროექტით დაგეგმილი აქტივობები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს ხელს შეუწყობს ერთმანეთთან სოციალური ურთიერთობების დამყარებასა და გაღრმავებაში.

 

რუსლან აბაშიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას.

რუსლან აბაშიძე მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს პირადად შეხვდა და მიუსამძიმრა.

მემორიალთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა - დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო დროშები დაეშვა - დროშები დაშვებულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

რუსლან აბაშიძემ სენაკის მუნიციპალიტეტის ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა

სენაკის მუნიციპალიტეტის ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის და შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია ერთობლივად გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ დევნილთა დასახლებაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, რომელიც ამორტიზებული იყო და გადაადგილების პრობლემას ქმნიდა, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, საბავშვო ბაღის - „ოცნება“ მიმდებარე ტერიტორიაზე კი სპორტული მოედანი მოეწყო.

ადგილზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.

ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი
 
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროექტი „ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი“ გულისხმობს აფხაზეთიდან დევნილი და არადევნილი, შშმ პირების დედმამიშვილებისა და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების საზაფხულო ბანაკში განთავსებას.
 
მონაწილეებისთვის დაგეგმილია შემეცნებითი ტრენინგები, სახალისო, სპორტული და გუნდური აქტივობები.
 
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აფხაზეთიდან დევნილ და არადევნილ, შშმ პირების დედმამიშვილებსა და სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს 10 წლიდან 14 წლის ჩათვლით.
 
40 ახალგაზრდა შეირჩევა კონკურსის წესით.
 
პროექტი განხორციელდება ბაკურიანში 29 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით.
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 აგვისტო.
 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ქვემოთ მითითებულ ბმულზე.
 
 
გისურვებთ წარმატებებს!
რუსლან აბაშიძე ქობულეთში სკოლა-ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, ქობულეთში, ონლაინ საკვირაო სკოლის საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.

აფხაზეთის სკოლა-ბანაკი მრავალფეროვანი გასართობი, ინტელექტუალური და შემეცნებითი აქტივობებით გამოირჩეოდა, რომელიც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლის“ ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით შეიქმნა.

ონლაინ საკვირაო სკოლის ფარგლებში, საგნობრივი კომპეტენციების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებს სემინარებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, ხელოვნებასა და სხვა საგნებში მასწავლებლის სახლის წამყვანი სპეციალისტები უტარებდნენ.

კურსის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები გაიმართა. მოეწყო საბუნებისმეტყველო STEM კლუბი „ჩხირკედელას“ მასტერკლასები.  მოსწავლეებმა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, პეტრას ციხე-ქალაქი და რეგიონის სხვა ისტორიული და ტურისტული ადგილები მოინახულეს - დაესწრნენ ფეხბურთის მატჩს და რამდენიმე სპორტული აქტივობა თავადაც გამართეს.

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა, ბანაკში მიღებული გამოცდილების ფარგლებში, სხვადასხვა საინტერესო თემატიკაზე მომზადებული ვიდეორგოლები და ნამუშევრები წარმოადგინეს.

ბანაკის დახურვის ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

„აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლა“, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა და მასში აფხაზეთის საჯარო სკოლების წარმატებული და სოციალურად დაუცველი 80 მოსწავლე მონაწილეობდა.

რუსლან აბაშიძე გუდაურში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, გუდაურში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. რუსლან აბაშიძემ სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და კატასტროფა განიცადა. ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ტრაგედიას, მფრინავები - ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი და ანდრო ქუჯოშვილი, მაშველები - კახა ტორჩინავა, გიორგი მარგიანი, ექიმები - ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი შეეწირნენ.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. სახელმწიფო დროშები დაეშვა ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო თითოეულ ოჯახს 100 000 ლარს გამოუყოფს.

ქობულეთში აფხაზეთის საზაფხულო სკოლა-ბანაკი გაიხსნა

აფხაზეთის სკოლა-ბანაკი ქობულეთში მრავალფეროვანი გასართობი, ინტელექტუალური და შემეცნებითი აქტივობებით გამოირჩევა.

მოსწავლეებს აქ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, ხელოვნებასა და სხვა საგნებში, საგნობრივი კომპეტენციების ამაღლების მიზნით, მასწავლებლის სახლის წამყვანი სპეციალისტები სემინარებს უტარებენ.

საზაფხულო სკოლა-ბანაკი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს „აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლის“ ბაზაზე, ამავე სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით შეიქმნა.

„აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლა“ აფხაზეთის საჯარო სკოლების წარმატებულ და სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს აერთიანებს და მისი მხარდამჭერია ამერიკის საელჩო საქართველოში.

სენაკში, მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო სკოლა აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის წარმატებით დასრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განათლების ცენტრის ორგანიზებით, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით ქ. სენაკში, მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში აფხაზეთიდან დევნილი, 15-დან 17 წლამდე მოზარდებისთვის განხორციელებული ორ კვირიანი საზაფხულო სკოლა წარმატებით დასრულდა და პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის აფხაზეთის მე-10 საჯარო, სენაკის მუნიციპალიტეტის აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლებისა და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებები. საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმა შეიძინეს ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორიც არის - ეფექტური კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობა, კონფლიქტების მართვა, ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, სტრესის მართვა, პროექტის წერა და სხვა. პროექტის მიზანია - დევნილი ახალგაზრდების ინტეგრირების პროცესის ხელშეწყობა, მათში მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების გაღვივება, მოზარდთა თავისუფალი დროის გონივრული ორგანიზება, მოსწავლეებში STEM-ის მიმართულებით ინტერესის აღძვრა, ქვეყნის ისტორიის და ეთნოგრაფიის, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელება, ახალგაზრდებისათვის ჯანსაღი და მეგობრული გარემოს შექმნა.

საზაფხულო სკოლის დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის კეთილმოწესე-დეკანოზი - იოანე კუპრეიშვილი, სენაკის ღირსი ალექსი სენაკელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური-მღვდელი - მალხაზ ჭანტურია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი - დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე - გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი – სალომე დოლიძე, ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი - ვახტანგ გადელია, მერის პირველი მოადგილე - გრიგოლ ბაღათურია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლები.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსებისათვის რეგისტრაცია იწყება

 

 ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის’’ დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის N77/ნ ბრძანების შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი აბიტურიენტების რეგისტრაციას იწყებს.

რეგისტრაცია შეუძლიათ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ  ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მათი სრული ზოგადი განათლება აღიარებული ქნა ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანების № 147 შესაბამისად.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:

https://docs.google.com/forms/d/192FcUzo5RW01d_f1MpOFNqUpvTyURk7IZigkAu1SEOQ/edit?usp=drive_web

რეგისტრაციის ვადა 2022 წლის პირველი აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით. დამატებითი კითხვებისთვის დარეკეთ ნომრებზე:  +995 599 741 652; +995 599 855 494; +995 599 855 493.

ლევან ჩაკვეტაძემ UNHCR-ის ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

UNHCR-მა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა და დევნილთა სააგენტოს შორის კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაზიარების გასაუმჯობესებლად სამუშაო შეხვედრა გამართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა შეხვედრაზე სამინისტროს საქმიანობის შესახებ უახლესი ინფორმაცია წარადგინა.

შეხვედრის მიზანია კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაზიარების გაუმჯობესება დევნილთა სააგენტოსა და დევნილ მოხალისეთა ქსელს შორის, ასევე დევნილების უშუალო ჩართულობის უზრუნველყოფა ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე.

საქართველოში UNHCR-ის ოფისის დაარსების დღიდან ორგანიზაცია ჩართულია დევნილთა დახმარების საკითხებში, ამჟამად ინარჩუნებს დევნილთა დაცვის მონიტორინგისა და ადვოკატირების როლს და ზრდის მის წვდომას საზოგადოების მოხალისეთა ქსელის მეშვეობით. ქსელი მიზნად ისახავს დევნილებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას და მათ დახმარებას უფრო სწრაფი გადაწყვეტილებებისა და სერვისების წვდომაში რეფერალური სისტემის გაძლიერებით.