აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იგორ კოპალიანმა, „კვირას“ პრესკლუბში, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ფაქტზე, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის პოზიცია გაახმოვანა.
“ნიშანდობლივია, რომ მოსკოვში მდებარე სირიის არაბული რესპუბლიკის საელჩოდან გავრცელდა ე.წ. კომუნიკე, რომელშიც საუბარია ასადის რეჟიმსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიპლომატიური ურთიერთობების ამოქმედებაზე. მოგეხსენებათ, ასადის რეჟიმი არ გახლავთ ავტორიტეტი მსოფლიო თანამეგობრობისთვის, პრაქტიკულად ამ განცხადებით რეჟიმმა მოახდინა სხვა რეჟიმის აღიარება. ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი ნებაა და ამიტომ ასადის ქმედებას გაგრძელება არ მოჰყვება. რუსეთის მხრიდან განხორციელებული ეს გამოწვევა არ იქონიებს უკუშედეგებს.
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელმა უკვე გაავრცელა საპროტესტო ნოტა ამასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, პოზიცია გაიზიარეს ქვეყნის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო დოკუმენტზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც იგი წყვეტს სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ თითქოს სომხეთმა აღიარა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პასპორტები, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ, ჩვენის მხრივ, შემოღებული გვაქვს ნეიტრალური პირადობის მოწმობები, რომლებითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობენ, ამ მოწმობებს აღიარებს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, ევროკავშირიც და შესაძლოა, სწორედ ამ მოწმობების აღიარებაზე იყო საუბარი”, – განაცხადა კოპალიანმა.