2016 წლის 16 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპრტამენტში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურის წარმომადგენელთათვის თემაზე: ,,სამართალშემოქმედება – საკანონმდებლო ტექნიკა“. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებათა იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და სტაჟიორები. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა სამართალშემოქმედების (საკანონმდებლო ტექნიკის) მნიშვნელოვანი ასპექტები, სამართალშემოქმედებითი პროცესის სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, სამართლებრივი აქტების პროექტების შედგენისას ხარვეზების თავიდან აცილების თეორიული და ტექნიკური წინამძღვრები, ნორმატიული აქტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, განზოგადებულ იქნა ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელებისას მიღებული პრაქტიკა. ღონისძიების მიზანი იყო აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამართლებრივი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლება, სამართალშემოქმედების პროცესის სრულყოფისათვის ხელის შეწყობა და ამ კუთხით დაწესებულებათა კოორდინირებული მუშაობის წარმართვა.