მთავარი/................/იუსტიციის დეპარტამენტი/მთავარი/ახალი ამბები
იუსტიციის დეპარტამენტი
იგორ კოპალიანი: ჩვენი ფუნქცია დევნილთა უფლებების დაცვაა“

აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლება რა ტიპის იურიდიულ დახმარებებს უწევს საკუთარ მოსახლეობას, რა პროგრამები მოქმედებს მათთვის და რა ტიპის კონსულტაციების მიღება შეუძლიათ აფხაზეთიდან გადაადგილებულ პირებს დედაქალაქსა თუ რეგიონებში – ამ საკითხებზე „თაიმერი“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბატონ იგორ კოპალიანს ესაუბრა.

თაიმერი: ბატონო იგორ, იუსტიციის დეპარტამენტი რა დახმარებას უწევს დევნილ მოსახლეობას?
იგორ კოპალიანი: აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პრობლემატიკა ქვეყნისათვის, მითუმეტეს, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებისათვის, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. მათი პრობლემების გადაჭრის გზები განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. დევნილ მოსახლეობაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გარდა საჭიროა სამართლებრივი მხრიდან მუშაობაც. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას დევნილთა უფლებების დაცვა წარმოადგენს. იუსტიციის დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში დევნილებს უწევს ადვოკატირებას, რაც მოიცავს უფასო სამართლებრივ კონსულტაციას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე და დოკუმენტების შედგენას სხვადასხვა დაწესებულებებში, მათ შორის, სასამართლო ორგანოებში წარსადგენად.თაიმერი: რა არის მიმდინარე პრობლემები დევნილი

მოსახლეობისთვის და რა ვითარება გვაქვს რეგიონებში?
იგორ კოპალიანი: რა თქმა უნდა, დევნილთათვის, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია კონფლიქტის მოგვარება და დეოკუპაციის შემდეგ აფხაზეთში მშვიდობიანი და ღირსეული დაბრუნება. ზოგადად, დევნილი საზოგადოება ინტეგრირებულია ადგილობრივ საზოგადოებასთან და, შესაბამისად, ყველა იმ გამოწვევის წინაშე დგას, რომლის წინაშეც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იმყოფება. მთავარია, რომ გადატანილმა ტრაგედიამ და სოციალურ–ეკონომიკურმა პრობლემებმა ვერ მოახდინა დევნილთა გარიყულობა ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესებიდან. ძირითადი პრობლემა, სხვა პრობლემებთან ერთად, დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხია. მუდმივი საცხოვრისის დატოვების გამო, პირველ რიგში, მათ ესაჭიროებათ დროებითი თავშესაფარი, მით უმეტეს, რომ მათი მშობლიურ მიწა-წყალზე დაბრუნების საკითხი, რომელიც თავისთავად რთული პროცესია, მთელი რიგი მიზეზების გამო, დროში გაიწელა. გარდა გრძელვადიანი განსახლებისა, პრობლემას წარმოადგენს უმუშევრობაც. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მძიმეა დევნილთა იმ ჩასახლებებში, რომლებიც მოწყვეტილია ცენტრალურ ქალაქებს.
საგულისხმოა, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით იუსტიციის დეპარტამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დავალებული აქვს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის რეფორმირების თაობაზე წინადადებების მომზადება. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას იღებენ როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები. მუშაობის პერიოდში შემუშავდა კონკრეტული წინადადებები, რომლებიც განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით წარდგენილ იქნა ზემდგომ ინსტანციებში.

თაიმერი: თქვენმა დეპარტამენტმა უფასო ადვოკატირების პროექტი შექმნა. რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს და რა შედეგები გვაქვს?

იგორ კოპალიანი: სახელმწიფო სრუქტურების მიერ შექმნილია რიგი ორგანიზაციები (სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახური, ქ. თბილისის მერიის პროექტი „ჩემი ადვოკატი“ და სხვა), რომელთა მხრიდან უფასო ადვოკატირება გათვალისწინებულია მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფებისათვის (სოციალურად დაუცველი, გადახდისუუნარო პირებისათვის), ამიტომ, დევნილთა უმრავლესობა, მიუხედავად სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირისა, რადგან ვერ აკმაყოფილებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რჩება აღნიშნული სერვისით სარგებლობის მიღმა. სწორედ ამიტომ იუსტიციის დეპარტამენტმა დევნილთა უფლებების დაცვის გაიოლებისა და სამართლებრივი გარემოს ხელმისაწვდომობის მიზნით დაიწყო მათთვის უფასო კონსულტაციების გაწევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე და სხვადასხვა დაწესებულებებში, მათ შორის, სასამართლო ორგანოებში, წარსადგენი დოკუმენტების მომზადებაში ხელშეწყობა. უფრო მეტიც, იუსტიციის დეპარტამენტი პერიოდულად ახორციელებს გასვლით ღონისძიებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, რათა ადგილზე გაეცნონ დევნილთა არსებულ პრობლემებს და გაუწიონ შესაბამისი უფასო სამართლებრივი კონსულტაცია. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სხვადასხვა რეგიონებში ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც ისინი დევნილებს სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად უწევდნენ უფასო ადვოკატირებას.

თაიმერი: აფხაზური მედია თითქმის ყოველდღე ავრცელებს ინფორმაციას ქართველთა სახლების გაყიდვის თაობაზე. თქვენი უწყება ამ ფაქტს რას უპირისპირებს?

იგორ კოპალიანი: იუსტიციის დეპარტამენტში მზადდება ყოველკვირეული ინფორმაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენების შესახებ. ადრე ამგვარი ინფორმაციები ეგზავნებოდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებიც საფუძვლად ედო მათ მიერ მომზადებულ ანგარიშებს. თვალსაჩინოებისათვის, შესაძლებელია, იხილოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშები. ასეთი ინფორმაციები, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ძირითადად მწვავე ხასიათს იძენდა და აღიქმებოდა როგორც აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების განგაში ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე არასახარბიელო მოვლენებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიღებულია არაერთი რეზოლუცია და ნორმატიული აქტი. აღნიშნულ საქმიანობას, მისი აქტუალობიდან გამომდინარე, ამჟამად აგრძელებს აფხაზეთის მთავრობის აპარატში სპეციალურად შექმნილი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით დადებული ნებისმიერი გარიგება ბათილია და ამგვარი გარიგება სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს. ასევე, ყურადსაღებია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დევნილთა კუთვნილ ქონებასთან დაკავშირებით უკანონო გარიგებების საპირწონედ შემუშავდა ე.წ. საპრეზიდენტო პროგრამა „ჩემი სახლი“, რომლის საფუძველზე დაიწყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების მაქსიმალურად აღრიცხვა, მათი მესაკუთრეთა ვინაობის დადგენა და ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა. მართალია, აღნიშნული პროგრამა გარკვეული დროით იყო შეჩერებული, თუმცა აფხაზეთის ხელისუფლების ძალისხმევით საქართველოს მთავრობამ „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ 2018 წლის 6 აგვისტოს N400 დადგენილებით იგი განაახლა.