მიმდინარე წლის 23 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის იგორ კოპალიანის ხელმძღვანელობით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა. კომისიის სხდომაზე განიხილიეს ლიკვიდაციის პროცესში განსახორციელებელი ღონისძიებები.
შეგახსენებთ, რომ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 30 ივლისის №24-რს კანონის შესაბამისად, 2019 წლის 1 ოქტომბრამდე ლიკვიდირებულ უნდა იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებები: სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი ექსპერტიზის მიმართულებით გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შესაბამის სამსახურს; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე გასაცემი პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობის მიღებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფის მიმართულებით გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს; ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაციისა და ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში მონაწილეობის მიღების მიმართულებით გადაეცემა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს.