მიმდინარე წლის 2 სექტემბერს სამინისტროში ჩატარდა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის“ მორიგი სხდომა. სამუშაო პროცესში, ონლაინ-რეჟიმის ფარგლებში მონაწილეობდნენ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები.
სხდომის თავმჯდომარემ ბატონმა კონსტანტინე კუჭუხიძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში COVID 19-ის კუთხით არსებულ ვითარებაზე და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს მოუწოდა, ინფექციის გავრცელების თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით, უზრუნველყონ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა, ასევე, სამოქმედო რეგიონებში მოქალაქეთა ინფორმირებულობა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისა და აზრთა შეჯერების შედეგად, კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო ხუთი (5) ობიექტთან დაკავშირებით.
კომისიის გადაწყვეტილებით, უმოკლეს ვადებში, განხორციელდება სამუშაოების შესყიდვის მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ელექტრონული ტენდერის გამოცხადება.