აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2020 წლის 13 მარტიდან, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, სამინისტრო და მასში შემავალი ტერიტორიული ორგანოები გადავიდნენ დისტანციურ და მორიგეობით შრომით რეჟიმზე.

2020 წლის 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების გამო განვითარებულ მოვლენებს მიანიჭა პანდემიის სტატუსი, აღნიშნულმა გარემოებამ რიგი პრევენციული ზომების მიღება გამოიწვია საქართველოშიც. 2020 წლის 21 მარტს კი, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და გამოიცა ისეთი აქტები, როგორიცაა ,,საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ’’ და საქართველოს მთავრობის დადგენილება ,,საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ’’. ზემოთხსენებული აქტების საფუძველზე დაწესდა რიგი შეზღუდვები, რამაც არსებითად შეცვალა საჯარო სამსახურის სისტემის საქმიანობის სტილი. 2020 წლის 13 მარტიდან, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, სამინისტრო და მასში შემავალი ტერიტორიული ორგანოები გადავიდნენ დისტანციურ და მორიგეობით შრომით რეჟიმზე. აღნიშნულ პროცესში სამინისტროსა და მასში შემავალი ტერიტორიულ ორგანოებზე დაკისრებული უფლებამოვალეობების შეუფერხებელი განხორციელებისა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვის პრევენციის გათვალისწინებით, შემუშავებულ იქნა თანამშრომელთა დისტანციურ და მორიგეობით შრომის რეჯიმზე გადასვლის გეგმა/გრაფიკი და გამოიცა აღნიშნული პროცესის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტი - მინისტრის ბრძანება. აღნიშნულ პერიოდში სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, სამინისტროს ხარჯით, დაიგეგმა და განხორციელდა სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოების სამუშაოს სივრცეების სადიზინფექციო ხსნარით დამუშავება, შემუშავდა და გატარდა ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რომელიც აღნიშნული პერიოდისათვის დადგენილი იყო უწყებათშორისი საკორდინაციო საბჭოს მიერ. დისტანციურ/მორიგეობით შრომის რეჟიმზე გადასვლის მიუხედავად, მოქალაქეთა შეუფერხებელი მომსახურების მიზნით, სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოების ოფისებში მოეწყო სპეციალური კუთხე, დაიდგა განცხადებების ყუთი, გამოიყო კონკრეტული პირები, თვალსაჩინო ადგილას გამოიკრა, ასევე, სამინისტროს ვებგვერდზე (facebook) განთავსდა, კონკრეტული მიმართულებაზე (პროგრამებზე) პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო ტელეფონები, საკონტაქტო მეილები, ონლაინ კავშირის უზრუნველყოფისათვის საჭირო ტექნიკური განმარტებები და მისამართები. გამკაცრდა თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილებზე ყოფნის წესები (პირბადის ტარება, პირადი ჰიგიენის დაცვა, დისტანციის დაცვა და სხვა), ამოქმედდა ცხელი ხაზი.