დღეს, 30 აგვისტოს, სრულიად საქართველო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“, ასოციაცია ,,ქსენონი“-სა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებთან ერთად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი ,,არ დამივიწყო“ ყვავილებით შეამკეს.
მემორიალთან პარაკლისი აღევლინა და უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა და მათი ოჯახებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყო.
1983 წლიდან მსოფლიოში, ხოლო 2011 წლიდან კი საქართველოში 30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
საქართველოში 1990-იანი წლების სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2300-ზე მეტი ადამიანი გაუჩინარდა, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის მიზანია ქვეყანაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდაყოფა. აგრეთვე, მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება.