აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა წყალტუბოში შეხვედრები გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს გენადი ბალანჩივაძეს და საკრებულოს თავმჯდომარეს თეიმურაზ ჭეიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილების ინფრასტრუქტურული მოწესრიგებისა და იქ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, ასევე, განიხილეს უკვე არსებული თანამშრომლობის განვითარების საკითხები.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდნენ, ადგილზე მოისმინეს მათ წინაშე მდგარი გამოწვევები და მიაწოდეს ინფორმაცია, სამინისტროს მიერ დევნილთა განსახლების ადგილებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით უკვე განხორციელებული პროგრამებისა და მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილი პროექტების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს პროგრამების ფარგლებში, წყალტუბოში, დევნილთა განსახლების 14 ობიექტზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორციელდა.

 

ნანა გაბელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

დედის დღესთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ ხონელიძემ მიმართეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ა(ა)იპ „სულიერების ცენტრის“ დირექტორი ბესიკ სილაგაძე და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შვილებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

დაიწყო განცხადების მიღება პროგრამაზე - "დასაქმების ხელშეწყობა"

 სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ აცხადებს კონკურსს და განაცხადების მიღებას ქვეპროგრამის - „დასაქმების ხელშეწყობა“ - ფარგლებში, რომლის მიზანია აფხაზეთიდან დევნილებისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების მხარდაჭერა დასაქმების/თვითდასაქმების პროცესში ეკონომიკურ-პროფესიული და ტექნიკური საქმიანობის წამოწყებისა და/ან განვითარების კუთხით, შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური აქტივებით უზრუნველყოფის გზით (არა უმეტესი 3 ერთეულის, საერთო/კრებსითი ღირებულებით მაქსიმუმ 2.500 ლარი).

ქვეპროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

  • აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ პროფესიულ-ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან შესაბამისი რეკომენდაცია.
  • ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარის მომზადებას/გადამზადებას სათანადო დაწესებულებაში და შემდგომში მის უზრუნველყოფას გარკვეული აქტივით.

 

ქვეპროგრამისა და კონკურსის პირობები, ეტაპები, კრიტერიუმები და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ ლინკზე

 

განაცხადების მიღება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით ხორციელდება 2024 წლის 4 მარტის 12:00 საათიდან 2024 წლის 4 აპრილის 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ ან ელ. ფოსტაზე   -  lepl.applications@gmail.com

საკონტაქტო პირები: ჯანო ქირთბაია - 599467770; ნიკა ჯანგირაშვილი - 591931461; თეა კვარაცხელია - 591931463

 

 

 

საქართველოს ეროვნულ გმირს, გურამ გაბესკირიას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს სოხუმში დაიბადა. 1992 წელს გახდა სოხუმის მერი, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.

2017 წლის 27 სექტემბერს გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

რუსლან აბაშიძე საქართველოს საკალათბურთო „ა“ ლიგის მატჩს დაესწრო

თბილისი არენაზე საქართველოს საკალათბურთო „ა“ ლიგის მეექვსე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „სოხუმი საქართველო“ და „ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემია“ შეხვდნენ.

საკალათბურთო შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების დედებს ფინანსური დახმარება გაეწია

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით, დედის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების 232 დევნილ დედას ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით დაღუპული მეომრების დედებისთვის მატერიალური მხარდაჭერა ტრადიციულად ყოველ წელს ხორციელდება.

დავით ფაცაციამ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩთან მატუშ ბუსოვსკისთან ერთად, ქ. ქუთაისში მდებარე აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის სპორტული მოედანი დაათვალიერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩთან მატუშ ბუსოვსკისთან ერთად, ქ. ქუთაისში მდებარე აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის №6 სკოლის გარე სპორტული მოედანი დაათვალიერა, რომელიც სლოვაკეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი საგრანტო პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა.

შეხვედრის ფარგლებში, დავით ფაცაციამ სკოლის მასწავლებლებს მათთვის საჭირო, ექიმის დანიშნულების შესაბამისი სათვალეები გადასცა. ხოლო, სკოლის მოსწავლეებმა მინი-სპექტაკლი წარადგინეს.

 

ნანა გაბელიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ონლაინ საკვირაო სკოლის შესახებ ინფორმაცია წარადგინა

29 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პლენარული სხდომა გაიმართა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

პლენარული სხდომის დღის წესრიგის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ სამინისტროს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის - „ონლაინ საკვირაო სკოლა“ - შესახებ ინფორმაცია წარადგინა.

დამსწრეთ სიტყვით საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ მიმართა.

პლენარულ სხდომაზე, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროექტის „ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე - ქართულენოვანი დისტანციური სინქრონული და ასინქრონული სწავლებები“ შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე, სამინისტროს თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდნენ

 

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოსა და ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდა.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება, ასევე მოეწყო თემატური გამოფენა.

შეხვედრაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები აფხაზები, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა აფხაზური კულტურის, ენის და ტრადიციების შენარჩუნებისთვის.

შეხვედრას, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების „ერთობა ხვალისთვის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

რუსლან აბაშიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მელინე არაკელიანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

რუსლან აბაშიძემ ნიდერლანდელ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მთავრობის თავმჯდომარემ ნიდერლანდების სამეფოს ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო.

ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოლიტიკის ოფიცერი ლელა ლომია  და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე უფასოდ სწავლებისა და შემდგომში მათი დასაქმების ხელშეწყობაზე.

აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ისწავლება შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა ასაკის აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს დაეუფლონ თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს.

შეხვედრის ბოლოს დავით ფაცაციამ მადლობა გადაუხადა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორს, ბატონ მურთაზ დევაძეს თანადგომისა და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სხვადასხვა პროფესიების დაუფლებაში მხარდაჭერისთვის.

 

 

აფხაზეთის საჯარო სკოლებში პროექტი - „არავინ უნდა დარჩეს უკან“ დაიწყო

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და აშშ საელჩოს მხარდაჭერით, ააიპ ქონსორთ ჯორჯია ახორციელებს პროექტს - ნეიროპლასტიურობა და დამხმარე ტექნოლოგიები უკეთესი განათლებისთვის, სახელწოდებით „არავინ უნდა დარჩეს უკან“.

პროექტის ფარგლებში აფხაზეთის ხუთი საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებლები, ნეიროპლასტიურობის მეთოდების გაზიარებით, ტრენინგებს გაივლიან და შეძენილი ცოდნითა და უნარებით სპეციალური საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეებს ცოდნის მიღებასა და გარემოსთან ადაპტაციაში დაეხმარებიან.

ასევე, პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო სკოლების რესურს ოთახებში შშმ პირთათვის დამხმარე ტექნოლოგიები განთავსდება.

აღნიშნული მიმართულებით პირველი ტრენინგი სსიპ აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა, რომელსაც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე ესწრებოდა.

რუსლან აბაშიძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, კოჯორში, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

,,დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი მოვლენის, საბჭოთა ოკუპაციის დღეა. დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის.

კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი წარსულის ყველაზე ტრაგიკულ, ამავდროულად ყველაზე საამაყო ფურცელს. იუნკრების თავგანწირვა ჩვენი ისტორიის სასახელო და გამორჩეული ეპიზოდია. ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის მათი გმირობა მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რადგან რთულ მომენტებში სამშობლო თავდადებას მოითხოვს.

ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ქვეყნის თავისუფლებას.

საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული, რაც ძალიან ტრაგიკულ გავლენას ახდენს ჩვენს საზოგადოებაზე. ოკუპაციის გარდა საოკუპაციო რეჟიმს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ჰყავს მძევლად აყვანილი. ჩვენ ახლაც გვიწევს ბრძოლა საქართველოს დეოკუპაციის, სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

მჯერა, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, აუცილებლად შევძლებთ ქვეყნის დეოკუპაციას და ქვეყანაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

დიდება გმირებს!” - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

მემორიალთან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი; ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; თბილისის მერი, კახა კალაძე და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

დავით ფაცაციამ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორ ზურაბ უტიაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, უკვე არსებულ პარტნიორობასა და შემდგომი თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული ღონისძიებების ერთობლივად განხორციელების მიზნით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე პარლამენტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს დაესწრო. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის რეგლამენტის მე-19 მუხლის თანახმად, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშთან ერთად შეაჯამა ამ მოწვევის პარლამენტის მონაწილეობით განვითარებული პროცესები, რომლებიც, მისი შეფასებით, პოლიტიკური და ისტორიული მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს და მის ხელისუფლებას რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევისთვის თავის გართმევა მოუხდა, მათ შორისაა: პანდემია, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორცილებული აგრესიით გამოწვეულ საფრთხეები და ოპოზიციის რადიკალიზაცია.

შალვა პაპუაშვილმა, თავის სიტყვაში, ყურადღება გაამახვილა პარლამენტის საკანონმდებლო, საზედამხედველო თუ სხვა მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე და საზოგადოებას საპარლამენტო საქმიანობის შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკა გააცნო. მისი განცხადებით, ბოლო წლებში, რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს პარლამენტმა უფრო მკაფიოდ მონიშნა თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია - საზედამხედველო საქმიანობა. შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში ეროვნულ ინსტიტუტებს შორის ფლაგმანის როლი იტვირთა.

„ამავე დროს, კანდიდატის სტატუსის მოპოვების საგა ის ქვიშის მარცვალი იყო, რომელშიც კარგად გამოჩნდა მთელი ქართული პოლიტიკური სამყარო. კერძოდ, ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, კარგად დაინახა, რომ ოპოზიცია დაუნანებლად იყენებდა თავის პოლიტიკურ არსენალს - დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის სახით - რათა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების გზით, არაკანონიერი მეთოდებით ხელში ჩაეგდო ძალაუფლება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, დეზინფორმაცია სამი წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის გაღრმავების, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების დაზიანების მთავარ იარაღად იქცა. შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თითქმის ოთხი წელია ოპოზიციის ნაწილი რადიკალიზმის გამოვლინებითაა დაკავებული, რომელიც მიმართულია კონსტიტუციის, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისა და ლეგიტიმური ეროვნული ინსტიტუტების წინააღმდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამწუხაროა, რომ რადიკალიზაციის სამარცხვინო ფერხულში ჩაბმული აღმოჩნდა ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე მეტადაა პასუხისმგებელი კონსტიტუციის, ეროვნული ინტერესებისა და ინსტიტუტების დაცვაზე, ეროვნული თანხმობის მიღწევასა და ქვეყნის გაერთიანებაზე.

„ორი კვირის წინ ამ ტრიბუნიდან ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მოვუსმინეთ, რომლის სიტყვამაც კიდევ ერთხელ დაგვიტოვა გაწბილებისა და გულის დაწყვეტის ემოცია. ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული გამოსვლის ნაცვლად, მოვისმინეთ პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი მცდელობა, რომელმაც კიდევ უფრო დააკნინა პრეზიდენტის ინსტიტუტის სახელი და მნიშვნელობა“, -აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2024 წელი საქართველოსთვის დიდი გამოწვევების წელი იქნება.

„უპირველეს ყოვლისა, ეს არის არჩევნების წელი. ყველა პასუხისმგებლიანი პარტიის, მოქალაქისა და საქართველოს მოკავშირე უცხოელი პარტნიორების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიანად და სამართლიანად. ამისათვის ძალები უნდა გავაერთიანოთ. ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რადიკალიზმის წახალისება წარსულს ჩაბარდეს და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალების ჯანსაღი კონკურენციის გზით, არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობა ყოველგვარი ეჭვის გარეშე იქნეს დადასტურებული. ამ გზაზე ჩვენ დიდი ნაბიჯები გადავდგით. მოხდა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, რომელმაც პრაქტიკულად გამორიცხა ნებისმიერი სახის სპეკულაცია არჩევნების გაყალბების თაობაზე. განსაკუთრებით მინდა გამოვყო არჩევნების ელექტრონული სისტემები, რომელიც ამ მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული წლევანდელ არჩევნებზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე წელი ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების წელი უნდა გახდეს.

„სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს ნატო-ც მიბაძავს და საქართველოს გაწევრიანების უფრო ცხად კრიტერიუმებს შესთავაზებს, რომლების შესრულებაც ჩვენს ქვეყანას ისევე დააახლოებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, როგორც ეს ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა. დასასრულს, მინდა მოგმართოთ თანამშრომლობის წინადადებით. საქართველო ჩვენი საერთო სამშობლოა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი გამარჯვება მარტო „ქართული ოცნების“ გამარჯვება იქნება. ამიტომ, მოგმართავთ, შემოგვიერთდეთ, რომ მიმდინარე წელი არა რადიკალიზაციისა და კონფრონტაციის წელი, არამედ დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების, გეოპოლიტიკური გამოწვევების დაძლევის, ქვეყნის გაერთიანებისა და ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების წელი გახდეს. სწორედ ეს არის მოსახლეობის მთავარი ინტერესი, ჩვენი საერთო სამშობლოს - საქართველოს უპირველესი ინტერესი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.