რუსლან აბაშიძე სამხრეთ კავკასიაში ფინეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე  სამხრეთ კავკასიაში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ კირსტი ნარინენს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ფინეთის რესპუბლიკის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო.

ფინეთის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკაში ფინეთის რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჰარი პალდანიუსი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის საჯარო სკოლებში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

14 აპრილს, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის №11, №14, №5, №15, №6, №3, №12 საჯარო სკოლებში სხვადასხვა თემატური აქტივობა მოეწყო.

აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებმა დედაენის დღის თემატიკაზე ინდივიდუალური პროექტების პრეზენტაციები წარმოადგინეს. ასევე, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში მხატვრული კითხვის, კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი მოეწყო, ნაჩვენები იყო ფილმი „1978 წლის 14 აპრილი“. მოსწავლეებმა შექმნეს და გამოფინეს თემატური პოსტერები: „ენა ბურჯია ერისა“, „დაიცავი დედაენა“, დაამზადეს ხელნაწერი ილუსტრირებული წიგნები და სანიშნეები.

დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილე და გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

დავით ფაცაცია ზესტაფონში, კლინიკა „ფერომედში“ უფასო სამედიცინო აქციის მიმდინარეობას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონში, კლინიკა „ფერომედში“ უფასო სამედიცინო აქციის მიმდინარეობას დაესწრო, სადაც აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს ოფთალმოლოგის კონსულტაციები ჩაუტარდათ და ექიმის დანიშნულების შესაბამისი სათვალეები უფასოდ გადაეცათ.

სამედიცინო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და კლინიკა „ფერომედის“ მხარდაჭერით გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინიციატივით 300 სათვალე გადაეცა ზესტაფონის მერიას, რომელსაც სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები მიიღებენ.

სათვალეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიისგან“(International Human Rights Commission) ჰუმანიტარული დახმარების სახით მიიღო.

 

 

 

დავით ფაცაცია წყალტუბოს დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს დევნილთა განსახლების ადგილების ინფრასტრუქტურული მოწესრიგებისა და იქ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ.

დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს გააცნო ინფორმაცია სამინისტროს მიერ დევნილთა განსახლების ადგილებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით უკვე განხორციელებული პროგრამებისა და მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილი პროექტების შესახებ.

 

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

მემორიალთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ, მემორიალთან, 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდში მიიღო მონაწილეობა

2024 წლის 4-5 აპრილს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდი. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე გააკეთა, როგორიც არის რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში დაბრუნება.

მოლაპარაკებებზე ქართულმა დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ რთულ ვითარებაზე და ცალკეულ დესტრუქციულ  ქმედებებზე, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილზე მდგომარეობას.

დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხის - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში დაბრუნება, განხილვისას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკებები.

სამწუხაროდ, აღნიშნულ რაუნდზე ვერ მოხერხდა შედეგების მიღწევა მოლაპარაკებების ვერცერთ მნიშვნელოვან საკითხზე.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2024 წლის 25-26 ივნისს გაიმართება.

აფხაზეთის საჯარო სკოლებს შორის „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024“ ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სენაკსა და ზუგდიდში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლებს შორის სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ფრენბურთში, კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა და მასში აფხაზეთის №5, №7, №10, №11 და №12 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ოლიმპიადის მონაწილე გუნდები სიგელებითა და სპორტული ფორმებით დაჯილდოვდნენ.

აფხაზეთის რეგიონულ ტურნირში პირველ ადგილზე გასული გუნდები საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ზონალურ შეხვედრაში აფხაზეთის სახელით იასპარეზებენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გამოცხადდა ღია კონკურსი ვაკანტურ თანამდებობებზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გამოცხადდა ღია კონკურსი შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:

გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/85009?active=1

ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/85012?active=1

 

დავით ფაცაცია იმერეთის რეგიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, ქუთაისში შეხვდა იმერეთის რეგიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს.

დავით ფაცაციამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია, იმ შედეგების შესახებ, რომელიც აფხაზეთიდან დევნილებთან უკვე გამართულ შეხვედრებს მოჰყვა, ასევე, ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.

შეხვედრის ფარგლებში, ხელისუფლებისა და იმერეთის რეგიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებმა ერთად განიხილეს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა წინაშე არსებულ გამოწვევები, ძირითად საჭიროებად დევნილთა განსახლების ადგილების ინფრასტრუქტურული მოწესრიგება რჩება.

 

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ანგარიშს დაესწრო

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბიუროს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი დაესწრო.

ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა.  

„საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის მთავრობამ ყველა განკარგულების გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საერთაშორისო რეიტინგებზე, სადაც საქართველოს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით პოზიტიური მაჩვენებლები აქვს და განაცხადა, რომ, ამის მიუხედავად, ხელისუფლება მიღწევებით არ კმაყოფილდება.

„გვსურს, ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. გვესმის, რომ ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია, თუმცა სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში და ეს პოლიტიკური ნება არსებობს, ეს მიზანი სავსებით მიღწევადია და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აფხაზეთიდან გადმოსვენებული სამხედრო პირები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გადმოსვენებულთა ოჯახებს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გადმოსვენებული 5 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი დაესწრო.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (9 სამხედრო და 3 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში  გახდა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, 90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 5 დევნილი პირის ოჯახის წევრებს მატერიალური დახმარება გაეწევათ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე,  აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 12 იდენტიფიცირებული პირის ნეშტის (9 სამხედრო და 3 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

შეიარაღებული მოქმედებების დროს აფხაზეთში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში გაიმართება.

იდენტიფიცირებული 5 მებრძოლის ნეშტს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

„სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ახალგაზრდების სამშვიდობო პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობას.

შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იოსებ ნანობაშვილი და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„სოხუმი-საქართველო“ საქართველოს საკალათბურთო „ა“ ლიგის პლეი-ოფის ფინალში გავიდა

თელავში, თამაზ ანთაძის სახელობის სპორტსკოლაში საქართველოს საკალათბურთო „ა“ ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს თელავის „ბურჯი“ და „სოხუმი-საქართველო“ დაუპირისპირდნენ. სერიის გადამწყვეტ მატჩში სოხუმის გუნდმა მეტოქე 7-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 75:68 დაამარცხა და პლეი-ოფის ფინალში გავიდა.

საკალათბურთო შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე სიონის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა.

სადღესასწაულო წირვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.