აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით დევნილ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით დევნილ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე ესწრებოდა.
შეხვედრაზე განიხილეს მინდინარე და სამომავლო პროექტები , ასევე საგრანტო პროგრამები, რომელსაც ეკონომიკური პროგრამების სააგენტო, სოფლის განვითარების სააგენტო, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ,,აწარმოე საქართველოში“ და „თიბისი ბიზნესისთვის“ ახორციელებენ.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ პალატის წევრი ქალი მეწარმეების წარმატებულ საქმიანობას და გაიზიარეს მათი გამოცდილებაც.
ღონისძიების დასასრულს ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დევნილი მეწარმეების კუთხვებს ამომწურავად უპასუხეს.
ბიზნეს შეხვედრის პარალელურად, დარბაზში ჩატარდა აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა.
ღონისძიება პროექტის ,,მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)’’ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით , გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (MOH) თანამშრომლობით ახორციელებს.

ლევან თევზაიამ საქართველოს საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ლევან თევზაიამ საქართველოს საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება საქართველო- ლიბანის სავაჭრო პალატის ორგანიზებით ჩატარდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ბიზნეს სექტორის, სერვისის პროვაიდერების, ინვესტორებისა და მეწარმეების ერთმანეთთან დაკავშირება.
ფორუმის დასრულების შემდეგ, B2B შეხვედრები გაიმართა. B2B შეხვედრების ფარგლებში, განიხილეს მათი პოტენციური თანამშრომლობა ყველა ბიზნესსა და ინვესტიციის დონეზე.
ღინისძიებას საქართველოს მთავრობის, ქართული და უცხოური ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან ჩაკვეტაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელს იან ბლინკას შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძესა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელ იან ბლინკას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის პროექტების მენეჯერი თამარ კურტანიძე და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს დირექტორი ნინო გულუა.
"დასავლეთ საქართველოში გინეკოლოგიური სიმსივნის მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესების" პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს "მედივაკის“ პროგრამის მხრიდან, აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა.
რუსლან აბაშიძის მილოცვა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ვულოცავთ ამერიკელ ხალხსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას 4 ივლისს-დამოუკიდებლობის დღეს.

საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობისა და ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ურყევ ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული. ეს ურთიერთობები სახელმწიფოთა შორის ურთიერთთანამშრომლობის სანიმუშო მაგალითს წარმოადგენენ.

ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ და ვაფასებთ აშშ-ის უპრეცედენტო მხარდაჭერასა და უმნიშვნელოვანეს წვლილს, რომელიც მას მიუძღვის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე.

ჩვენ ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, განსაკუთრებით ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარების კუთხით. აქვე, გვსურს მადლობა მოგახსენოთ, ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის შერიგების პროცესში აშშ-ის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის მიერ შეტანილი პოზიტიური წვლილისათვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს და ვუსურვებთ ამერიკელ ხალხს მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას.

რუსლან აბაშიძემ ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 29 წელი გავიდა.  ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ჭიჭინაძესთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

„2 ივლისი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ტამიშის ბრძოლა ერთის მხრივ, უმაგალითო თავგანწირვის, შეუპოვრობის, ერთიანობისა და გმირობის სიმბოლოა, ამასთანავე მომავალი თაობისთვის კარგი საჩვენებელია თუ რამდენად მძიმეა ომის შედეგები. ქედს ვიხრით, ჩვენი გმირების წინაშე და პატივს მივაგებთ ჩვენი მებრძოლების ხსოვნას, ვინც სამშობლოს ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირა. თითოეული ჩვენგანის ვალია მუდამ გვახსოვდეს და დავაფასოთ საქართველოს ერთგული შვილების თავგანწირვა.

სამწუხაროდ, წარსულის შეცვლა არ შეგვიძლია, თუმცა ყველაფერი უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ვუზრუნველყოთ მშვიდობა, რათა ასეთი დღეები არასოდეს განმეორდეს. ჩვენი ვალია ქვეყნის გაერთიანება მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკის გატარებით. ჩვენ აფხაზ საზოგადოებასთან ერთად შერიგებისა და დიალოგის გზით უნდა ავაშენოთ საერთო მომავალი, სადაც მშვიდობა მთავარი ღირებულება იქნება“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

გმირთა მემორიალთან, ასევე, აფხაზეთის ომის მონაწილეები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.

1993 წლის 2 ივლისს 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

 

იმერეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
 
აქციის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილებს სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები ჩაუტარდათ. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
სამედიცინო აქცია COVID-19-ის პრევენციის მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა. პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.
ნანა გაბელიამ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოს დოსითეოსს აფხაზურენოვანი "ვეფხისტყაოსანი" და აფხაზეთის თემატიკაზე გამოცემული წიგნები გადასცა
 
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი, ნანა გაბელია, პირველ მოადგილესთან გიორგი გაბედავასთან ერთად, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოს დოსითეოსს შეხვდა.
ნანა გაბელიამ, ეპისკოპოსს ბელგიაში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვის, აფხაზურენოვანი და აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული წიგნები გადასცა.
,,მადლობა მინდა გადავუხადო ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოს დოსითეოსს მიღებისთვის. ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირების შრომა და ღვაწლი, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებისა და საკვირაო სკოლების აღსაზრდელთათვის უმნიშვნელოვანესია, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა ამ ადამიანებს. ვფიქრობ, აფხაზურენოვანი და აფხაზეთთან დაკავშირებული გამოცემები საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების კიდევ ერთი საუკეთესო შეხსენება იქნება"-განაცხადა ნანა გაბელიამ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბელგიის სამეფოსთან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, ქეთევან ჭუმბაძე.
ბათუმში ცნობილი პედაგოგის და მეცნიერის ფერიდე აცამბას მემორიალური დაფა გაიხსნა

ბათუმში ცნობილი პედაგოგის და მეცნიერის   ფერიდე აცამბას მემორიალური  დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფა მის საცხოვრებელ სახლთან განთავსდა, სადაც ასევე ფუნქციონირებს აფხაზი მეცნიერის  მუზეუმიც. 

მემორიალური დაფა აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და  ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა ნერიმან ცინცაძემ გახსნეს.  მონაწილეებმა ისაუბრეს აფხაზი მეცნიერის ღვაწლზე.

 ღონისძიება აჭარაში აფხაზეთის დღეების ფარგლებში ჩატარდა.  

ფერიდე აცამბას მემორიალური  დაფა ,,სოროპტიმისტ  ინტერნეიშენალი’’  ბათუმის  კლუბის ინიციატივითა    და ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით  გაიხსნა.  

 

 

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნანა გაბელია საქართველოს დიასპორების წარმომადგენლებს შეხვდა

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნანა გაბელია საქართველოს დიასპორების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა ემიგრანტებს, პირველ მოადგილესთან გიორგი გაბედავასთან ერთად, მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული, დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტები გააცნო.

„ჩვენი ქვეყნის ემიგრანტების მხარდაჭერა, ჰიბრიდული ომის პირობებში მათი ჩართულობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებელი და მნიშვნელოვანია. მინისტრის აპარატის პრიორიტეტია საქართველოს დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა, დიასპორების, როგორც სამშვიდობო რესურსის გააქტიურების ხელშეწყობა“,-განაცხადა მინისტრმა ნანა გაბელიამ.

შეხვედრას ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოსთან საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ესწრებოდა.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ემიგრაციაში მოღვაწე დიდი ქართველი დიპლომატისა და ხელოვანის, გიორგი აფხაზის შემოქმედების ვირტუალური გამოფენა გაიმართა, ნაჩვენები იყო მისი ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებული ანიმაცია ქართული გახმოვანებით.

დავით ფაცაციამ სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული ჰუმანიტარული დახმარება - სათამაშოები დაურიგა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე - რუსლან აბაშიძესთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერიის ახალაშენებული სკოლა დაათვალიერეს და აფხაზ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე „ვეფხისტყაოსნიდან“ ფრაგმენტები წაიკითხეს და აფხაზურ თემატიკაზე დადგმული სპექტაკლი - „ჩემი თვალით დანახული საქართველო“ წარმოადგინეს.

ღონისძიების დასასრულს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული ჰუმანიტარული დახმარება - სათამაშოები დაურიგა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, აფხაზური ენის ჯგუფი მოქმედებს. ჯგუფში აფხაზურ ენას 23 მოსწავლე ეუფლება და სასწავლო წლის განმავლობაში ამ ჯგუფის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე არაერთი ქართული ნაწარმოები შეისწავლეს.

 

რუსლან აბაშიძემ სოფელ ფერიის ახალაშენებული სკოლა დაათვალიერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩთან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში, ახალაშენებული სკოლის შენობა დაათვალიერა. სკოლაში 500 ბავშვი იღებს განათლებას, სადაც 70% ეთნიკურად აფხაზია. 2015 წლიდან აღნიშნულ სკოლაში აფხაზური ენა არჩევით საგნად ისწავლება.

ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის წარმომადგენლები აფხაზ მოსწავლეებს და სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ. მოსწავლეებმა სტუმრებისთვის აფხაზურ ენაზე „ვეფხისტყაოსნიდან“ ფრაგმენტები წაიკითხეს. დღესვე, ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით აფხაზურ თემატიკაზე სპექტაკლი - „ჩემი თვალით დანახული საქართველო“ გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აჭარაში გამართულ ,,აფხაზეთობის’’ ღონისძიებებს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია თავის პირველ მოადგილესთან გურამ მისაბიშვილთან და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორთან სალომე დოლიძესთან ერთად, აჭარაში გამართულ „აფხაზეთობის“ ღონისძიებებს დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით ბათუმში „აფხაზეთობის“ ღონისძიებები გაიმართა.

ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში კოლხური კუთხე მოეწყო. იქვე წარმოდგენილი იყო გამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“, ასევე, ლაზი მხატვრის, ჰასან ჰემილიშის ნახატების გამოფენა, კოლხური ცივილიზაციის ტომების ჩაცმულობის ფოტოები და სამოსი.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ და აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „არსიანის“ მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში დოკუმენტური ფილმის „აღმოაჩინე აფხაზეთი“ ჩვენება გაიმართა.

 

აჭარაში „აფხაზეთობის“ ღონისძიებები გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით ბათუმში „აფხაზეთობის“ ღონისძიებები გაიმართა.

ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში კოლხური კუთხე მოეწყო. იქვე წარმოდგენილი იყო გამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“, ასევე, ლაზი მხატვრის, ჰასან ჰემილიშის ნახატების გამოფენა, კოლხური ცივილიზაციის ტომების ჩაცმულობის ფოტოები და სამოსი.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ და აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „არსიანის“ მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა.

საღამო მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ გახსნა.

ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და მწერალი, ენათმეცნიერი, კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი და წევრი, სარფის ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი იაშა თანდილავა.

ღონისძიების ფარგლებში დოკუმენტური ფილმის „აღმოაჩინე აფხაზეთი“ ჩვენება გაიმართა.

რუსლან აბაშიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ქვეყნის მიღწევებზე ისაუბრა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის ფონდთან“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროსა და ტრანსნაციონალურ მთავრობათაშორის ორგანიზაცია - „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და ტრანსნაციონალური მთავრობათაშორისი ორგანიზაცია - „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის ფონდის“ გენერალურმა მდივანმა რაფალ მარცინ ვასიკმა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს არსებული ურთიერთთანამშრომლობის უფრო გაღრმავებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფისა და ჰუმანიტარული პროგრამების/პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებებით.

შეხვედრის დასასრულს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ ტრანსნაციონალური მთავრობათაშორისი ორგანიზაცია - „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის ფონდის“ გენერალურ მდივანს რაფალ მარცინ ვასიკს წარმატებული ურთიერთთანამშრომლობისა და გაწეული თანადგომისთვის მადლობის სიგელი და სამახსოვრო ჯილდო გადასცა.

აღსანიშნავია, რომ „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის ფონდისგან“ აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერისთვის მიღებულ იქნა არაერთი ჰუმანიტარული დახმარება - 1 რეანომობილი, 50 000 ცალი KN95 ტიპის სამედიცინო პირბადე, 28 412 ცალი სხვადასხვა ტიპის სათამაშოები, 76 665 ცალი შერეული სამომხმარებლო საქონელი და სხვა.