აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ნანა გაბელიამ რუმინეთის კონსულს მინისტრის აპარატის საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და საქართველოში რუმინეთის კონსულმა  მარიუს პანდელეამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა ესწრებოდა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ მარიუს სტუმრობისთვის, მინისტრის აპარატის საქმიანობით დაინტერესებისა და სამომავლო თანამშრომლობის მზაობისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ  ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, სწორედ იმ მიმართულებით, რომელიც დევნილი ახალგაზრდების განვითარებისა და წინსვლის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის. ამ მიზნის განსახორციელებლად კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმა და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ამ საკითხებზე“-განაცხადა მინისტრმა ნანა გაბელიამ.

რუსლან აბაშიძემ საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის პირველ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

სხდომაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინა მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა, რომელიც მოიცავს მოსახლეობის აღწერის ძირითად პრინციპებს,მეთოდოლოგიურ და საორგანიზაციო საკითხებს.

პროგრამის შესაბამისად, მოსახლეობის მომდევნო აღწერის თარიღად საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ 2024 წლის ბოლო განსაზღვრა. აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და საცხოვრისების შესახებ.

სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის აღწერასთან ერთად ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც, რის შედეგადაც, სოციალურ და დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად, შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ.

მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ქვეყანაში ბოლო აღწერა 2014 წელს ჩატარდა.

 

 

დავით ფაცაცია საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გაერთიანებულ დახურულ სხდომას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გაერთიანებულ დახურულ სხდომას დაესწრო.

სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა წარადგინა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე, მსჯელობა წარიმართა იქ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო პოლიტიკის შემდგომი განხორციელების გზებსა და მექანიზმებზე.

სხდომას ესწრებოდნენ - საქართველოს პარლამენტის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მარნეულში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდათ.

სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სხვადასხვა მომსახურებით ისარგებლეს:

▶️ენდოკრინული დაავადებათა სკრინინგი:
• ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;

▶️პედიატრის კონსულტაცია;

▶️ნევროლოგის კონსულტაცია;

▶️ოჯახის ექიმის კონსულტაცია;

▶️მხედველობის სკრინინგი:
• ოფთალმოლოგის კონსულტაცია;
• სათვალის რეცეპტის გაცემა (საჭიროების შემთხვევაში).

▶️სისხლის მიმოქცევის სისტემის სკრინინგი:
• კარდიოლოგის კონსულტაცია;
• ეკგ.

▶️სხვადასხვა სისტემის რადიოლოგიური კვლევა.

ექიმ-სპეციალისტთა დანიშნულების შესაბამისად გაიცა მედიკამენტები.

გამოკვლევებში საქართველოს წამყანი კლინიკების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

სამედიცინო მომსახურეობა კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები გიორგი მეურმიშვილი და დავით აროშიძე და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამედიცინო გასინჯვები სოციალური მხარდაჭერის პროგრამის „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის კომპონენტის“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის, ბავშვთა და მოზრდილთა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილედ მარინე გითოლენდია დაინიშნა

მარინე გითოლენდიას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი  გამოცდილება აქვს.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე მარინე გითოლენდია იკავებდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატში. სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან პოზიციებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ინფორმაციის სამინისტროში.

მარინე გითოლენდია პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტია, 2001 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მშობლიური ენის გარდა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტში ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა ბავშვთა უფლებების მიმართულებით საქართველოში არსებულ ძირითად გამოწვევებსა და განხორციელებულ სამუშაოებზე იმსჯელეს.

ლევან ჩაკვეტაძემ “ბერი ანდრიას ფონდის” ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად “ბერი ანდრიას ფონდში” იმყოფებოდა და ონკოლოგიით დაავადებულ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.
 
აღსანიშნავია, რომ “ბერი ანდრიას სახელობის ფონდი” უანგაროდ ეხმარება ონკოლოგიით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს და მათ ოჯახებს ყველა იმ საქმეში, რაც ბავშვთა მკურნალობას, მათ რეაბილიტაციას და ხარისხის გაუმჯობესებას ეხება.
რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დევნილი ბავშვებისთვის თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და საქართველოს პარლამენტის წევრებმა.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, მათ შორის, სოციალურად დაუცველ 460-მდე ბავშვს ტკბილეულობა და სასაჩუქრე პაკეტები გადაეცა. ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიის (IHRC) მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით საჩუქარი მთელი საქართველოს მასშტაბით აფხაზეთიდან დევნილ 1 000-მდე ბავშვს დაურიგდება.

რუსლან აბაშიძე პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა, სპეცტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობა წარადგინა.

ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროექტი „ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი“ გულისხმობს აფხაზეთიდან დევნილი და არადევნილი, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების საზაფხულო ბანაკში განთავსებას.

მონაწილეებისთვის დაგეგმილია შემეცნებითი ტრენინგები, სახალისო, სპორტული და გუნდური აქტივობები.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აფხაზეთიდან დევნილ  და არადევნილ, სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს 12 წლიდან 14 წლის ჩათვლით.

35 ახალგაზრდა შეირჩევა კონკურსის წესით.

პროექტი განხორციელდება ბაკურიანში 15 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 5 ივნისი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ქვემოთ მითითებულ ბმულზე.

https://forms.gle/cDPLtghoedJZGxk9A

გისურვებთ წარმატებებს!

რუსლან აბაშიძე დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის ოფიციალური ნაწილი საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გახსნა.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ მიმართეს. ასევე, ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა ვახტანგმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა წაიკითხა.

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის გახსნითი ნაწილის შემდეგ, განათლების, კულტურის, ეკონომიკის განვითარების და ციფრული დიპლომატიის საკითხებზე თემატური შეხვედრები გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმი ესწრებოდნენ.

დიასპორის ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.

რუსლან აბაშიძე გიორგი აფხაზის ვირტუალურ გამოფენას დაესწრო

ხელოვნების სასახლეში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გიორგი აფხაზის ვირტუალური გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტურ მასალებზე დაფუძნებული ანიმაციური ვიდეო ქართული გახმოვანებით, ასევე გამოტანილი იყო რომის ოპერის არქივში დაცული ნამუშევრების ფოტოასლები.

გამოფენა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ გახსნეს.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მიმართა, რომელმაც იტალიაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატის, გიორგი აფხაზის შესახებ ისაუბრა.

ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით იტალიის რესპუბლიკაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის გიორგი აფხაზის სახელობის სტიპენდია დაწესდა.

რუსლან აბაშიძე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენის „ფერები აფხაზეთიდან“ გახსნას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ეროვნულ მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენის „ფერები აფხაზეთიდან“ გახსნას დაესწრო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი 29 მხატვრის 57 ფერწერული ნამუშევარი.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს მხატვართა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოფენა საქართველოს პარლამენტის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით გაიმართა.

რუსლან აბაშიძემ საერთაშორისო კონფერენციაში „ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობა“ მიიღო მონაწილეობა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობა“ გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკურ, საკუთრების, მშობლიურ (ქართულ) ენაზე განათლების მიღების უფლებებზე. ასევე, კონფერენციის თემები იყო უკანონო დაკავებები და გადაადგილების თავისუფლება, რუსეთის პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: ადამიანის უფლებების დარღვევის ტენდენციები, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.

კონფერენცია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ შესაბამისი ჯგუფების ინფორმირებულობის გაზრდის, მშვიდობის მშენებლობაში ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურების, ადამიანის უფლებათა დაცვის და ნდობის აღდგენის პროცესში დევნილ ქალთა როლის გაძლიერებისა და ინტეგრაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით გაიმართა.