სიახლეები

მთავრობის აპარატი
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდი დასრულდა

2025 წლის 11-12 ნოემბერს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მონაწილეობდა.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

„ქართული დელეგაციის მხრიდან კიდევ ერთხელ მკაცრად იქნა დასმული ყველა ის გამოწვევა და პრობლემა, რომელიც დღის წესრიგში დგას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მიმართულებით. სამწუხაროდ როდესაც საკითხი შეეხო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტს - დევნილების დაბრუნებას საკუთარ სახლებში, გაგრძელდა ის მავნე პრაქტიკა რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან წლების მანძილზე ხორციელდება და მათ დატოვეს აღნიშნული საკითხის განხილვისას მოლაპარაკებების მაგიდა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

მოლაპარაკებებზე ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.

საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი. შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით სოხუმში აეროპორტის ამუშავება, რეგულარული ავიარეისების დაწყება, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო და საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის ამოქმედება.

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა. შედეგად, წინა რაუნდების მსგავსად, მოლაპარაკებების 65-ე რაუნდიც ჩაიშალა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ასევე რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

2025-11-13
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე SPRINT-ის დირექტორ ტომაზო დი მატეოს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სიცილიის რეგიონის ბიზნესსისტემის ინტერნაციონალიზაციის რეგიონული ოფისის SPRINT-ის დირექტორ ტომაზო დი მატეოს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ იტალიელ სტუმარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

გიორგი ჯინჭარაძემ შეხვედრისას განსაკუთრებული მადლიერებით გაიხსენა იტალიის სახელმწიფოსა და იტალიელი ხალხის თანადგომა და მხარდაჭერა მათ შორის 1990-იან წლებში, როდესაც აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს, იტალიურმა ოჯახებმა სიცილიაში უმასპინძლეს.

თავის მხრივ, ტომაზო დი მატეომ მთავრობის თავმჯდომარეს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს მომავალ წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მცირე დელეგაციის პალერმოში შესაძლო ვიზიტის შესაძლებლობა.

შეხვედრა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა.

2025-11-08
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან ერთად აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებს შეხვდა.

გიორგი ჯინჭარაძემ მეომართა კავშირის წევრებს, ქვეყნის წინაშე არსებული დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა აქტიურად გააგრძელებს ვეტერანთა მხარდაჭერის მიმართულებით არსებული პროგრამების სრულყოფასა და ახალი ინიციატივების დანერგვას.

ვეტერანებმა მთავრობის თავმჯდომარეს საქმიანობის პროცესში გამოვლენილი საჭიროებები გააცნეს და სამუშაო ფორმატში კონკრეტული ინიციატივები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა ვეტერანთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე და ღონისძიებებზე, რომლებიც ვეტერანთა საქმიანობის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთის მთავრობასა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

2025-11-08
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელობითი სტიპენდიების მფლობელები დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელობითი სტიპენდიის მფლობელები დააჯილდოვა.

გიორგი ჯინჭარაძემ წარმატებულ ახალგაზრდებს მიღწეული შედეგები მიულოცა, განათლების მიმართულებით აფხაზეთის მთავრობის სამომავლო ხედვა გააცნო და დიპლომები და საჩუქრები გადასცა.

სახელობითი სტიპენდია აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრებისა და ეროვნულ გამოცდებზე მიღებული მაღალი აკადემიური შედეგების გათვალისწინებით 8 სტუდენტს გადაეცა.

2025-2026 სასწავლო წლის სტიპენდიატები გახდნენ:


• ალექსანდრე შამუგია - ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია.
• ლევან კაციტაძე - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია.
• მარკოზ ჭანტურია - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია.
• მარიტა კემულარია - მიხეილ ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდია. 
• ლიზი ჯობავა - თამაზ ნადარეიშვილის სახელობის სტიპენდია.
• გიორგი კობაიძე - ლორიკ მარშანიას სახელობის სტიპენდია.
• ნიკოლაი გვაზავა - გურამ გაბესკირიას სახელობის სტიპენდია. 
• ნია ქუთათელაძე - მიხეილ კოკაიას სახელობის სტიპენდია.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა და ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებასა და მათ ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

2025-11-07
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე გიორგი ვოლსკის შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით არსებული გამოწვევები, დევნილთა საჭიროებები და მიმდინარე სოციალური და ეკონომიკური პროგრამები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთის მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს, ასევე იმ ინიციატივებს, რომლებიც დევნილთა მხარდაჭერას ემსახურება.

გიორგი ჯინჭარაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობა შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესის გასაძლიერებლად უმნიშვნელოვანესია.

2025-11-06
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წევრებს საერთაშორისო ტურნირზე მიღწეული წარმატება მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვებულ სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა.

ანასტასია ჩხარტიშვილმა 19 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონი გახდა. ელენე ქობალიამ და ანდრია ჩხარტიშვილმა 12 და 14 წლამდე კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გიორგი ჯინჭარაძემ ახალგაზრდებს მომავალში კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები უსურვა და აღნიშნა, რომ მსგავსი მიღწევები მოტივაციას ქმნის სხვა ახალგაზრდებისთვისაც და ხელს უწყობს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენებმა, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წევრები არიან, რიგაში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე „Riga City Council's Cup“ წარმატებულად იასპარეზეს.

2025-11-05