სიახლეები

მთავრობის აპარატი
ბაკურიანში აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების ხელშეწყობის მიზნით პროექტი განხორციელდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის, ბაკურიანში, პროექტი „აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდებისა და მათი მშობლების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“ განხორციელდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა დაესწრნენ.

მთავრობის თავმჯდომარემ მოზარდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

პროექტი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში აფხაზეთიდან დევნილი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 20 მოზარდი და მათი მშობლები მონაწილეობენ.

ახალგაზრდები ჩართული იყვნენ ხატვის, ძერწვისა და სხვადასხვა გუნდურ-შემოქმედებით აქტივობებში. მშობლებისთვის კი ჩატარდა თემატური ტრენინგები, რომლებიც შვილის განვითარების თავისებურებების უკეთ გაცნობიერებას, საჭიროებების სწორად დანახვასა და მხარდაჭერის პრაქტიკული უნარების გაძლიერებას ემსახურება.

პროექტი აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ ყოველწლიურად ხორციელდება და მისი მიზანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის უნარების განვითარება, მათი სოციალიზაციის ხელშეწყობა, ასევე მშობლების გაძლიერება და შვილების განვითარების პროცესში მათი მხარდაჭერა.

2026-09-13
მთავრობის აპარატი
ბორჯომში აფხაზეთის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

ბორჯომში, აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანთან ერთად დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა აფხაზეთის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის შესაძლებლობებზე ისაუბრეს და დევნილი მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხეს.

პრეზენტაციაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო აფხაზეთის მთავრობის მიმდინარე პროგრამების შესახებ ინფორმაცია და პორტალის პრაქტიკული გამოყენების კონკრეტული მაგალითები.

პორტალის პრეზენტაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე, საკრებულოს დეპუტატი დავით შონია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე ბორის გაბუნია და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პორტალი portal.abkhazia.gov.ge აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის შეიქმნა და აფხაზეთის მთავრობისა და მისი ყველა უწყების პროგრამებსა და სერვისებს ერთიან ციფრულ სივრცეში აერთიანებს. დევნილებს შესაძლებლობა აქვთ დისტანციურად მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტის, სოციალური მომსახურებისა და ეკონომიკური მხარდაჭერის მიმართულებით არსებულ ყველა პროგრამებსა და სერვისზე.

2026-09-12
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესიის გახსნას დაესწრო

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მუშაობა საშემოდგომო სესიის ფორმატით განაახლა. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

სესიაზე დეპუტატებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა, რომელმაც სხდომის მონაწილეებს საშემოდგომო სესიის გახსნა მიულოცა. მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მხარდაჭერის საკითხებზე და უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრა.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოში საშემოდგომო სესიის გახსნას აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

2026-09-08
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარე 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებს შეხვდა და მხარდაჭერა აღუთქვა.
 
ღონისძიება თამარაშვილის ხეივანში არსებულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან გაიმართა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა.
 
მემორიალთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები, ასევე, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
 
ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.
 
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის მიზანია, დაკარგულთა მოძიების საკითხზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება და ცნობიერების ამაღლება, ოჯახების თანადგომა და მათი გაუჩინარებული ახლობლების ხსოვნის უკვდავყოფა.
 
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ამ დრომდე 2000-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
2026-08-31
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ღვთისმშობლის მიძინების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო და მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

ილორის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ აღავლინა.

2026-08-28
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ახალგაზრდა წარმატებულ სპორტსმენებს გიორგი შონიასა და ანასტასია ჩხარტიშვილს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ მათ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული წარმატება მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე, აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ომარ პაპავა და სპორტსმენების მწვრთნელები ესწრებოდნენ.

სპორტსმენებმა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებზე წარმატებით იასპარეზეს და მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს. აფხაზეთიდან დევნილმა გიორგი შონიამ, რუმინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 70 კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წევრი ანასტასია ჩხარტიშვილი ლატვიის ღია ჩემპიონატზე ქალთა შორის, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

2026-08-27