აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნეს და სიტყვით გამოსვლისას ქვეყნისთვის ამ სტრატეგიული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობას, კერძოდ, ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის დაღრმავებას და "ტალღმტეხელის" მოწყობის სამუშაოებს ბელგიური კომპანია „Jan De Nul N.V.“ ასრულებს, რომელიც სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული და მსოფლიოში არაერთი მსგავსი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული.
მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება, პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის მიხედვით, ანაკლიის ახალი ნავსადგური პირველი გემების მიღებას 2029 წელს შეძლებს.
ანაკლიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელიც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა სპეციალური მიმართვით გახსნა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზ თანამოქალაქეებს აფხაზურ ენაზე მიმართა.
სხდომაზე მთავრობის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები - აფხაზეთის სკოლამდელ დაწესებულებებსა და საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობა, პოლიკლინიკების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ჯანდაცვის სფეროში არსებული საჭიროებების ეფექტიანად გადაწყვეტის გზები განიხილეს.
საუბარი შეეხო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები, დროებით დევნილი, მოსახლეობისთვის განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს.
სხდომის ფორმატში მთავრობის წევრებმა მიმდინარე წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე ვეტერანებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ მიმართეს.
ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
„დღეს შევხვდით ღირსეულ ვეტერანებს, მივულოცეთ მათ 10 წლის იუბილე. შეუფასებელია მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე და მინდა, რომ კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით, მივულოცო მათ დღევანდელი დღე და ჯანმრთელობა ვუსურვო“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ოკუპირებული აფხაზეთიდან დროებით დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, ზუგდიდში, 1700 ბინის მშენებლობა დაიწყო.
მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან და კომპანია „ანაგის“ გენერალურ დირექტორ ირაკლი გოგოლიშვილთან ერთად ჩაუშვა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ესწრებოდა.
ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 7 კორპუსი აშენდება - ექვსი 12-სართულიანი და ერთი 14-სართულიანი. პროექტს კომპანია „ანაგი“ განახორციელებს, მშენებლობის ბიუჯეტი კი 191 012 850 ლარს შეადგენს.
დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც კლინიკაში განთავსებული ახალი სამედიცინო აღჭურვილობა დაათვალიერა.
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო რეგიონში ერთი-ერთი მძლავრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკაა, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასაც ემსახურება.